ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ქისი და ხიხვი ნებისმიერ ევროპულ ღვინოს გაუწევს კონკურენციას“
15 სექტემბერი, 2017

„საექსპორტო ბაზარზე ღვინოები ქისი და ხიხვი უფრო მაღალ საფასო სეგმენტს დაიკავებენ, ვიდრე რქაწითელი და მწვანე“ - ქართული ვაზის უძველეს ჯიშებზე „მეღვინეობა ხარებას“ მთავარი მეღვინე ვლადიმერ კუბლაშვილი „კომერსანტს“ ესაუბრა და ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც ქისიც დ.ა ხიხვიც ნებისმიერ ევროპულ ღვინოს კონკურენციას გაუწევენ.

კუბლაშვილი ყურძნის ამ ორი ჯიშის გაყიდვებსა და საფასო პოლიტიკაზე საუბრობს. როგორც ის განმარტავს, წარსულში რქაწითელსა და მწვანე კახურის ჯიშებზე კეთდებოდა აქცენტი, მაგრამ მომხმარებლის მოთხოვნა იზრდება და ისინი უკვე ჯიშთა მრავალფეროვნებას აქცევენ ყურადღებას.

„ჩვენ გვსურს ძველი ქართული ყურძნის ჯიშების აღმოჩენა და შემდგომ მათი პოპულარიზაცია, სწორედ ამიტომ დავიწყეთ 2008-2009 წლებში ამ ორი ბრენდის წარმოება. 

წარსულში წინა პლანზე რქაწითელი და მწვანე კახურის ჯიშები იყო წამოწეული, მაგრამ მომხმარებლის მოთხოვნა იზრდება და ისინი ჯიშთა მრავალფეროვნებას აქცევენ ყურადღებას. ამჟამად უკვე წინა პლანზე სხვადასხვა იშვიათი ჯიშის ღვინოები წამოვიდა. სწორედ ასეთია ორი აბორიგენული ვაზის ჯიში - ქისი და ხიხვი. მათი გაშენება კახეთში ბოლო პერიოდში გახშირდა.

ჩვენს კომპანიაში, წლის განმავლობაში საშუალოდ, ყურძნის ამ ორი ჯიშის 15-15 ათასი ბოთლი ღვინო იყიდება. გაშენებული გვაქვს, როგორც ქისის, ასევე ხიხვის დაახლოებით 10-10 ჰა. ჩვენ ძირითადად ხარისხზე ვართ ორიენტირებულები და წლის განმავლობაში 1 ჰა-ზე საშუალოდ 10-12 ტ. ყურძენი მოგვყავს.

ამ ორი ღვინის ფასი 16-დან 18-ლარამდე მერყეობს. ორივე ღვინო მაღალ საფასო სეგმენტში გადის“, - ამბობს ვლადიმერ კუბლაშვილმა.

„მეღვინეობა ხარებას“ მთავარმა მეღვინემ ქისისა და ხიხვის ექსპორტზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ ორი ჯიშის საექსპორტო ბაზარი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იქნება. ვლადიმერ კუბლაშვილს მიაჩნია, რომ ღვინოები სხვა მსოფლიო ბრენდებს კონკურენციას გაუწევენ თუ მათი გაცნობა უცხოეთის ბაზარზე სწორი ფორმით მოხდება.

„ამ ორი კონკრეტული ჯიშის ექსპორტზე გატანას, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, ამისათვის კი საზღვარგარეთ ძალიან ბევრ ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ ვაზის ჯიშისგან დაყენებული ღვინოები წელსვე გავიტანოთ ექსპორტზე, რადგან ხარისხობრივად ის მზადაა, თუმცა ეს მაინც მოთხოვნაზეა დამოკიდებული.

ქისისა და ხიხვის ღვინოები თავისი თვისებებით მაღალ სტანდარტებს შეესაბამება და ის ნებისმიერ ევროპულ ღვინოს გაუწევს კონკურენციას. სწორედ ამ თვისებების შესახებ უცხოელებს მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ და ბრენდის პოპულარიზაცია მოვახდინოთ. ამ ორი ჯიშის საექსპორტო ქვეყნები ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის იქნება.

საექსპორტო ბაზარზე ღვინოები ქისი და ხიხვი უფრო მაღალ საფასო სეგმენტს დაიკავებენ, ვიდრე რქაწითელი და მწვანე. რადგან ეს ორი ჯიში მცირე რაოდენობით მოდის და იშვიათია. აღნიშნული ორი ბრენდი ადგილობრივ ბაზარზე სხვა ღვინოებს კონკურენციას ხარისხითა და ფასებით უწევს.

ჩვენი კომპანია მზად არის იმისათვის, რომ თუ ამ ღვინოზე მოთხოვნა გაიზრდება, მისი დეფიციტი არ შეგვექმნას“, - აღნიშნავს ვლადიმერ კუბლაშვილი.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.