დეველოპერული კომპანია GDG სამი სასტუმროს მშენებლობას იწყებს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ბეჟან წაქაძე რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, სასტუმროები თბილისში, ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვანში აშენდება. მისივე თქმით, სამივე სასტუმროს პროექტირება მთავრდება , ბოლო სტადიაზეა და მშენებლობა აგვისტოში უნდა დაიწყოს.
წაქაძის განმარტებით, თბილისში სასტუმროს მშენებლობა წელიწადნახევარში დასრულდება, ვანში ერთ წელიწადში, ქუთაისის აეროპორტში კი მშენებლობას დაახლოებით 2 წელიწადი დასჭირდება.
„ თბილისში სასტუმრო მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე განთავსდება და მაღალი კლასის იქნება, ვანში და ქუთასის აეროპორტში საშუალო კლასზე გვაქვს გათვლილი. სამივე სასტუმროს ადგილობრივი ჯგუფი უხელმძღვანელებს. სამივე პროექტში უკვე ჩადებულია 2 მილიონ დოლარმდე და დასრულებას დამატებით 5-6 მილიონი დოლარი დასჭირდება" – აცხადებს ბიზნესმენი.
მისივე განმარტებით, ქუთაისის აეროპორტში სასტუმროს დიდი დატვირთვა ექნება, რადგან დღეს, როდესაც რეისის გადადება ხდება ან მგზავრს ლოდინი უწევს სამტრედიაში ან წყალტუბოში მიდის. ახალი სასტუმრო კი აეროპორტის საზღვარზე იქნება. ბეჟან წაქაძის თქმით, მგზავრები შეძლენ სასტუმროშივე მიიღონ ინფორმაცია თვითმფრინავების განრიგის შესახებ.ირკვევა, რომ სასტუმროში დაახლოებით 50 ნომერი იქნება. მოეწყობა ინდივიდუალური პარკინგი.
GDG ამ დრომდე მხოლოდ საცხოვრებელ კორპუსებს აშენებდა. კომპანიას პროექტები ძირითადად ქალაქის ცენტრალურ უბნებში აქვს.
ავტორ(ებ)ი: სალომე სოსელია
commersant.ge