ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუთაისის აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობა გადაიდო
22 სექტემბერი, 2017

კომპანია GDG-ს ქუთაისის აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობა ამ დრომდე არ დაუწყია. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ბეჟან წაქაძე კომერსანტთან საუბრისას აცხადებს, სასტუმროს მშენებლობა აგვისტოში უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროექტი გაფართოვდა, სასტუმროს ნომრები და პარკინგის ადგილები დაემატა. ამიტომაც პროექტირება ჯერ კიდევ გრძელდება.

როგორც თავიდან იყო გაცხადებული, ქუთაისის აეროპორტში სასტუმროს მშენებლობის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ რეისის გადადება როცა ხდება და მგზავრს ლოდინი უწევს, სამტრედიაში ან წყალტუბოში მიდის. ახალი სასტუმროს მეშვეობით, მგზავრები შეძლებენ სასტუმროშივე მიიღონ ინფორმაცია თვითმფრინავების განრიგის შესახებ.

ბეჟან წაქაძის თქმით, პროექტის გაფართოების ერთ-ერთი მიზეზი რკინიგზის შემოსვლა გახდა. კერძოდ, მომავალი წლიდან ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, თუ პირიქით მოძრავი ყველა სამგზავრო მატარებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალიდან რამდენიმე მეტრში გაჩერდება.

პროექტი საბოლოოდ არ დამტკიცებულა, შესაბამისად, მშენებლობას ჯერ ვერ ვიწყებთ. ამ ეტაპზე პროექტზე ვმუშაობთ, რადგან ცვლილებები განხორციელდა. ახალი ინფრასტრუქტურა გაჩნდა, რკინიგზა შემოდის და ამასთან დაკავშირებით პროექტი ცოტა შევცვალეთ, გავაფართოვეთ, პარკინგები დავამატეთ, - აღნიშნა წაქაძემ.

მისი თქმით, სასტუმროში როგორც მაღალი კლასის, ასევე დაბალფასიანი ნომრებიც განთავსდება: სასტუმრო შვიდსართულიანი იქნება, მასში 100-ზე მეტი ნომერი განთავსდება. აქედან 25 ნომერი მაღალი კლასის იქნება, დანარენი ნომრები კი დაბალ ფასებზე იქნება გათვლილი.

რაც შეეხება მენეჯმენტს, ბეჟან წაქაძის განცხადებით, მმართველობაში მხოლოდ ქართული ოპერატორები იქნებიან ჩართული.

„სასტუმროს მშენებლობაში და შემდგომაც მთლიანად ქართული ოპერატორები მეყოლება, მათ შორის მმართველობაში. გარდა ამისა, ვანში 25 ნომრიან სასტუმროს ვაშენებ. ასევე, თბილისში ორი სასტუმროს მშენებლობა მაქვს დაწყებული - ჭონქაძისა და მარი ბროსეს ქუჩებზე. მენეჯმენტი ყველა მშენენბლობაზე ერთიანი გვექნება. თავიდან ბოლომდე ყველაფერი ქართული იქნება“, - აღნიშნა წაქაძემ.

მისივე თქმით, ქუთაისის ახალ სასტუმროში საზოგადოებრივი კვების ობიექტები განთავსდება, რაც აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის.

სასტუმროს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი კვების ობიექტები, პარკინგები მოეწყობა. არ მგონია, კონკრეტული მარკეტების ქსელი შემოვიყვანოთ, ყველაფერს ჩვენ უზრუნველვყოფთ. აეროპორტში ერთი პატარა ბუფეტია და ახლომახლო საზოგადოებრივი კვების ობიექტები არ არის. ჩვენი სასტუმრო ზუსტად აეროპორტის გვერდით განთავსდება. ამიტომ მინდა, რომ ყველაფერი ნორმალურად გაკეთდეს და აეროპორტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამვლ-გამოვლელებს მოვემსახუროთ. სასტუმროს მშენებლობაში 3 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდება. მშენებლობის დასრულებას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

კომპანია GDG ამ დრომდე მხოლოდ საცხოვრებელ კორპუსებს აშენებდა. კომპანიას პროექტები ძირითადად ქალაქის ცენტრალურ უბნებში აქვს.

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.