აბასთუმანში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მთავრობამ უკვე დაანონსა.
პროექტის ფარგლებში დაბა აბასთუმანში მუნიციპალური განვითარების ფონდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 18 სახლის, ობსერვატორიისა და ობსერვატორიამდე საბაგირო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციას ახორციელებს.
სახლები მე-19, მე-20 საუკუნეებშია აგებული და იმ პერიოდის ხის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი აჟურული მორთულობებითა და ქანობიანი სახურავებით ხასიათდება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება მათი რესტავრაცია და პირვანდელი სახით აღდგენა.
ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს აბასთუმანი-ბაღდათის მიმართულებით შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 3.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც ბაღდათი-აბასთუმნის 60 კილომეტრიანი გზის პროექტის ნაწილია, იგი სამცხე-ჯავახეთს მოკლე და კომფორტული გზით დააკავშირებს დასავლეთ საქართველოსთან, შედეგად კი მნიშვნელოვნად შეამცირდება სამგზავრო დრო.
.jpg)
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული გზის გაგანიერება, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და საგზაო ნიშნების მოწყობა.
აბასთუმანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე დაათვალიერეს. ტურისტული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები აბასთუმანში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
www.travelingeorgia.ge