„მერიისთვის გაუგებარია ბიზნესმენი კონკრეტულად რაში გვედავება“ – არქიტექტურის სამსახურის პასუხი Radisson RED-ის მშენებლობაზე დავით კოდუას
“ჭავჭავაძის გამზირზე #23-ში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ არის შეტანილი და უწყებისთვის გაუგებარია ბიზნესმენი დავით კოდუა კონკრეტულად რაში გვედავება,“ – ასე უპასუხა „კომერსანტს“ მერიის არქიტექტურის სამსახურმა კომპანია Commerce Group-ის მიერ სასტუმროს მშენებლობის გაჭიანურებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.
უკვე რამდენიმე წელია „კომერსანტი“ დედაქალაქში სასტუმროების ბრენდის Radisson RED-ის შემოსვლასთან დაკავშირებით წერს. მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ქსელის საქართველოში შემოყვანას კომპანია Commerce Group-ის დამფუძნებელი დავით კოდუა ცდილობს. თუმცა, სასტუმროს მშენებლობა სხვადასხვა მიზეზის გამო წლებია ჭიანურდება, მათ შორის იყო სამეზობლო დავა და მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ რამდენჯერმე დაწუნებული სასტუმროს პროექტი. როგორც დავით კოდუა ირწმუნება, მერია პროექტის განსახორციელებელ ადგილმდებარეობას იწუნებს.
„პროექტის განხორციელებაში სამეზობლო დავასთან ერთად, ხელს თბილისის მერი გვიშლის, თუმცა კონკრეტულად რა პირადი ინტერესი აქვს კალაძეს, ჩემთვის უცნობია,“ – აცხადებს დავით კოდუა.
რაც შეეხება მერიის არქიტექტურის სამსახურის პასუხს, რომ ჭავჭავაძის გამზირზე #23-ში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ არის შესული, ბიზნესმენი სიცრუეს უწოდებს:
„მერიაში განცხადება შეტანილი მქონდა დავით ნარმანიას მერობის დროსაც და ახლაც კალაძის მერობისას. დავით ნარმანია სასტუმროს მშენებლობაზე დამთანხმდა, კალაძეს კი არ სურს და განცხადებაზეც უარი მივიღე. ამიტომ არქიტექტურის სამსახურში ტყუიან. თემა იცის როგორც კახა კალაძემ, ასევე მისმა მოადგილემ ირაკლი ხმალაძემაც, რომლებსაც უშუალოდ შევხვდი,“ – განაცხადა დავით კოდუამ.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი დავით კოდუა ჭავჭავაძის გამზირზე #23-ში Radisson RED-ის ბრენდის 100 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა. სასტუმროში დაახლოებით 10 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმებოდა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ეს ქვეყენაში პირველი Radisson RED-ი იქნებოდა.
დავით კოდუას თქმით, თუ პროექტი თბილისში განხორციელდება სამომავლოდ ის რეგიონების მიმართულებასაც აითვისებს. კონკრეტულად Radisson RED-ი ლიკანში და კვარიათშიც იქნება წარმოდგენილი.
commersant.ge