მცირე და საშუალო რესტორნების ნაწილი ფინანსურ დახმარებას მიმდინარე კვირაში მიიღებს - ინფორმაცია თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააჟღერა.
„მცირე და საშუალო რესტორნების ფინანსური დახმარების ფარგლებში 100-ზე მეტი რესტორანი დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ჯამურ ფინანსურ დახმარებას მიიღებს ამავე კვირაში, ჩვენი ვარაუდით- ხვალისთვის. ხოლო დანარჩენი რესტორნები, რომლებიც ჯერ კიდევ ხარვეზიანი დოკუმენტების გამოსწორების პროცესში არიან, დახმარებას მიიღებენ ერთი კვირის განმავლობაში“, - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.
რაც შეეხება რესტორნების ნაწილის წუხილს, რომ მერიამ საკმაოდ დიდი დრო მოანდომა დოკუმენტაციის შემოწმებას, ლომჯარია პასუხობს: “400-ზე მეტი განაცხადიდან, 250-მდე რესტორანმა დოკუმენტაცია წარმოადგინა არასრული ფორმით, მაგალითად განუახლებელი ამონაწერის საშუალებით, რის შედეგადაც არ დგინდებოდა, რომ კონკრეტული რესტორნები აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს, ამან გამოიწვია დამატებით ერთი კვირის საჭიროება, რომ რესტორნებს გამოესწორებინათ ხარვეზები, ეს მათთვის გაკეთდა დროის დამატება, რომ მათ წარმოედგინათ გასწორებული სახით დოკუმენტები“.
რაც შეეხება ღამის კლუბებს, ლომჯარიას ინფორმაციით, ამ საკითხზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.
„გამოიყო უპრეცედენტო 2–მილიონიანი დახმარება კლუბებისა და ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლებისთვის, რა თქმა უნდა მომავალშიც გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას. ამ ეტაპზე მხოლოდ დახმარებაზე ვმუშაობთ“, - აღნიშნა მან.
ინფორმაციისთვის, რესტორნების სუბსიდირების პროგრამა პრემიერ-მინისტრმა 4 მარტს წარადგინა. პროგრამა რესტორნების ერთჯერად, 5000 ლარიან დახმარებას გულისხმობს, რითაც ჯამურად 400-მდე რესტორანმა უნდა ისარგებლოს.
bm.ge