რესტორნებსა და ღამის კლუბებს, შესაძლოა, ხმის დამხშობი აპარატურის დამონტაჟება დაევალოთ
რესტორნებსა და ღამის კლუბებს, შესაძლოა, ხმის დამხშობი აპარატურის დამონტაჟება დაევალოთ.
შესაბამისი ვალდებულება ბიზნესს, შესაძლოა, ღამის ეკონომიკის პოლიტიკის განვითარებისა და ხმაურის რეგულაციის ფარგლებში დაეკისროს.
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ბასილაია აცხადებს, რომ თბილისში არის ადგილები, სადაც ე.წ. აკუსტიკური დაბინძურება, ხმაური სერიოზულ პრობლემას უქმნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს.
მისი თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი მუდმივ კომუნიკაციაშია ამ ბიზნესის წარმომადგენლებთან.
“ეს არის აქტუალური პრობლემა კონკრეტულ ლოკაციებზე; მაგალითად კალაუბანში და ძველი თბილისის არეალში. ხმაურის კონტროლი არის ქალაქის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის ქვეშ. ხისტი მიდგომების გამოყენება არ შეიძლება. ბუნებრივია, ორივე მხარის ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ.
არსებობს ასეთი ტექნოლოგიები, რომელიც ხელს უწყობს ხმის ჩახშობას. სავარაუდოდ, ამას დაამონტაჟებენ თავად ობიექტები, რომლებიც ეწევიან აკუსტიკურ დანაგვიანებას. მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტა ამ პრობლემას არ უშველის, ამიტომ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებთან. ეს საჭიროა იმისთვის, რომ როდესაც ახალი ობიექტი იხსნება, მან გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ, შეიძლება, გვერდით არის სახლი, სადაც ცხოვრობს ბავშვი. თავიდანვე, დაგეგმვის ფაზაშივე ეს პრობლემები აღმოფხვრას, რადგან ძალიან ძნელია, რომ უკვე არსებულ ბიზნესთან მიხვიდე და დააკისრო ფინანსური ვალდებულები”, – აცხადებს ანდრია ბასილაია.
bm.ge