როგორ შეიცვლება შშმ პირთა საკურორტო მომსახურება და რა სერვისებით ისარგებლებენ ისინი
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამაში ცვლილებები შედის და 1 ივნისიდან ვაუჩერული დაფინანსების სისტემაზე გადადის.
ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წლიდან, პროგრამის ბენეფიციარები, თბილისის მერიისგან 700-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და დასასვენებლად მათთვის სასურველ ადგილს თავად აირჩევენ.
მერიამ ვაუჩერული დაფინანსების სისტემა, ტურიზმის განვითარების ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, 2017 წელს საპილოტე რეჟიმში აამოქმედა. სისტემის ფარგლებში ბენეფიციარების ნაწილმა სურვილისამებრ მერიისგან მიიღო ვაუჩერი და თავად აირჩია დასასვენებელი ადგილი, ნაწილმა მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შერჩეულ სასტუმროებში დაისვენა.
ტურიზმის განვითარების ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ცვლილების თაობაზე ინფორმირებული იქნებიან სასტუმროები, რათა პროგრამის მიმდინარეობა არ შეფერხდეს და მათ დაბრკოლებების გარეშე მიიღონ შშმ პირები.
თბილისის მერიის „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, 2018 წელს შშმ პირებსა და მათ გამცილებლებზე 1 100-მდე ვაუჩერი გაიცემა.
www.travelingeorgia.ge