ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“რუსული სანქციის“ ქვეშ მოყოლილი ღვინის კომპანიები აცხადებენ, რომ „როსპოტრებნადზორი“ ტყუის
25 ივნისი, 2019

ცოტა ხნის წინ „როსპოტრებნადზორის“  ოფიციალურ საიტზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რვა ქართულ კომპანიას  რუსეთში ალკოჰოლის შეტანა აეკრძალა.

უფრო ზუსტად, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ დაწესებული ე.წ. ტურისტული ემბარგოს შემდეგ, რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველმა უწყებამ („როსპოტრებნადზორი“) საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლის გამკაცრება დააანონსა. მიზეზად ხარისხის გაუარესება დაასახელა. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი კონკრეტულად რვა ღვინის მწარმოებელს ექსპორტიც აუკრძალა.

„კომერსანტი“ ქართულ კომპანიას დაუკავშირდა, რომლებიც “რუსული სანქციის“ ქვეშ მოყვნენ.  როგორც აღმოჩნდა, უმრავლესობამ ჩვენგან გაიგო ახალი ინფორმაცია, ნაწილი კი უბრალოდ ჩვენს ზარებს არ პასუხობს:

„ბაგრატიონი 1882“-ის მარკეტინგის მენეჯერი, ირაკლი წერეთელი:

„ჩვენი პასუხი ასეთია. ერთი კონკრეტული  შემთხვევაც კი, რომ გაგვიგზავნიაპროდუქცია და რაიმე პრობლემის გამო უკან დაგვიბრუნდა, არ გვქონია. რუსეთმა აქამდე ყველა ჩვენი ტვირთი მიიღო.

კითხვაზე რატომ მოვხვდით მაშინ ამ სიაში — გვიპასუხეს — “ეს ჰკითხეთ მას, ვინც ამ სიაში მოგვახვედრა“.

 ღვინის მწარმოებელი ბრენდი „ბატონო“:

„ამ თემაზე კომენტარის გაკეთება 2-3 დღის განმავლობაში არ შეგვიძლია, რადგან ახლა, სწორედ თქვენგან გავიგეთ. პირადად ჩვენ არანაირი შეტყობინება არ მიგვიღია რუსეთის შესაბამისი ორგანოდან, ამიტომ ვერ გეტყვით. ზოგადად კი ჩვენი ექსპორტის 60 % სწორედ რუსეთზე მოდის“.

ღვინის მწარმოებელი ბრენდი „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ — კომპანიაში კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავეს, დანარჩენ ხუთ კომპანიასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

 

შეგახსენებთ, კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც „როსპოტრებნადზორის“ ინფორმაციით, ვერ აკმაყოფილებენ შესაბამის სტანდარტებს, შემდეგია:„ბაგრატიონი 1882; „ბოლერო ენდ კომპანი“, „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, „ქართული ღვინის სახლი“, კორპორაცია ქართული ღვინო“, „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“, „ბატონო“.

რაც შეეხება ზოგად შეფასებას „როსპოტრებნადზორის“ მხრიდან, ყველა ადგილობრივი ღვინის მწარმოებელი დარწმუნებულია, რომ მსგავსი რეაქცია პუტინის განცხადებების შემდეგ მოსალოდნელი იყო და ბუნებრივია:

„მარადიული მარანის“ დამფუძნებელი გიორგი ქემერტელიძე:

„აბსურდია, თითქოს ხარისხის გაუარესდა და ამიტომ ამკაცრებენ მოთხოვნებს. ცნობისთვის, ადგილობრივ ლაბორატორიაში ყველაზე მკაცრად სწორედ რუსეთში გასატანი ღვინო კონტროლდება (ცალკე საკითხია, იქ ფალსიფიცირებული პროდუქტი რომ მაინც ხვდება და ზოგადად ჩვენთანაც უფრო თუ გამკაცრდება. ეს სხვა თემაა). ამიტომ, ცალსახაა პუტინის სანქციების მორიგი ტალღაა ახლა ეს განცხადება და შესაბამისად, „როსპოტრებნადზორი“ ტყუის,რომ თითქოს ბოლო ორ წელში გაუარესდა ხარისხი. ამ მოცემულობაში ერთადერთი გამოსავალია -ღვინის ბაზრის დივერსიფიკაცია.  საჭიროა ახალ ბაზრებზე გავამახვილოთ ყურადღება და შედეგად, ჩრდილოეთი სათავისოდ ვეღარ გამოგვიყენებს“

„რაჭული ღვინის“ დამფუძნებელი ომარ ჭელიძე:

„მგონი ეჭვი არავის ეპარება, რომ ხარისხის გამკაცრება რუსეთის მხრიდან ეს მორიგი ნაბიჯია პუტინის პოლიტიკის და მეტი არაფერი. რაც შეეხება თავად პროდუქტის ხარისხიანობას, ზუსტად იმავე ხარისხია რაც 2 წლის წინ, ამიტომ იტყუებიან“.

ამ თემაზე კომენტარი bmg.ge-თან „თბილღვინოს“ ხელმძღვანელი გიორგი მარგველაშვილმაც გააკეთა:

„თუ ქართულ ღვინოს ემბარგო დაუწესდება ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება. ასეთ ფაქტს წარსულში უკვე ჰქონდა ადგილი და მათ შეუძლიათ ეს ბერკეტი ისევ გამოიყენონ. ჩვენ ხარისხზე არასდროს გვქონია მათთან პრობლემა; დღესდღეობით, ჩვენი პროდუქციის დაახლოებით, 20% გადის რუსეთში ექსპორტზე. ვცდილობთ, რომ ჩვენს პორტფელში მათი წილი მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს და ეს 20-25%-ს არ სცდება. დარგმა ეს ერთხელ გადაიტანა და კიდევ ერთხელ გადაიტანს. ძალიან სამწუხარო იქნება, მაგრამ არ ველი, რომ ეს მოხდება“.

რამდენად არის ქართული ღვინო დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე? -როგორც გაირკვა,  რუსეთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია, რასაც სტატისტიკაც ადასტურებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 33,6 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული და ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 87 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან რუსეთში 21 372 581 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2019 წლის იანვარ-მაისის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: (ბოთლი)

  • რუსეთი – 21 372 581
  • უკრაინა – 3 080 562
  • ჩინეთი 2 972 733
  • პოლონეთი – 1 540 182
  • ყაზახეთი 1 223 256

რაც შეეხება 2018 წლის სრულ მონაცემებს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შარშან საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდული მაჩვენებელია. სააგენტოს ინფორმაციით, ზრდამ 2017 წელთან შედარებით 13 პროცენტს მიაღწია, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 203 მლნ აშშ დოლარია, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი.

2018 წლის ექსპორტიორი ქვეყნების ათეული: (ბოთლი)

  • რუსეთი – 53 682 627
  • უკრაინა – 10 687 835
  • ჩინეთი – 6 951 019
  • ყაზახეთი – 3 599 143
  • პოლონეთი – 3 508 122
  • ლატვია – 1 711 078
  • ბელორუსი – 1 606 002
  • ესტონეთი – 581 190
  • ლიეტუვა – 488 154
  • გერმანია – 483 791

ცნობისთვის, მილსადენის აფეთქებიდან ერთ თვეში – 2006 წლის მარტში რუსეთმა ემბარგოს არეალი გააფართოვა და საქართველოდან ღვინის ექსპორტი აკრძალა. ამ პერიოდისთვის მთლიანი ექსპორტის 20% ანუ $153 მილიონი სწორედ რუსეთზე მოდიოდა. ბლოკადის შედეგად, პირველივე წელს ექსპორტი განახევრდა. ემბარგო გახდა სიგნალი ქართველი მეწარმეებისათვის და ბევრი მუშაობის შედეგად რუსეთის წილი ქართულ ექსპორტში 2%-მდე დაეცა.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.