რუსული ავიაკომპანია RED WINGS-ი ქუთაისი-მოსკოვისა და სოჭი-თბილისის მიმართულებებზე იფრენს
Azimuth Airlines-ის შემდეგ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით მეორე რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი იფრენს. აღნიშნული ავიაკომპანია შეასრულებს მოსკოვი-ქუთაისის რეისებსაც.
„მიმდინარე წლის ივნისიდან, ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი – თბილისი – სოჭის და მოსკოვი – ქუთაისი – მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას. ავიაკომპანია არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.
Red Wings-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი – თბილისი – სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განხორციელდება. მოსკოვი – ქუთაისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები ასევე შესრულდება მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭა“, – აღნიშნულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გაცხადებაში.
avianews.ge