სალომე ზურაბიშვილმა UNESCO-ს საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე იდეა შესთავაზა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, UNESCO-ს გენერალურ მდივანს ოდრი აზულაის შეხვდა.
შეხვედრისას მათ განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხზე, გოგოების და ქალების განათლების მნიშვნელობასა და ხელმისაწვდომობაზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს რა სარგებლობის მოტანა შეუძლია რეგიონის, მხარისა თუ ქალაქის მოსახლეობისათვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ქართული მხარის ინიციატივაა, რომ UNESCO-მ ქართული ტოლერანტობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეოობის ნუსხაში შეიტანოს.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს იდენტობა, ისტორიულად, ტოლერანტობაში ვლინდება. მისი თქმით, სხვადასხვა წარმოშობის, მრწამსის ადამიანებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში მოგვყვება.
ქართული მხარე გამოვიდა ინიციატივით, რომ UNESCO-მ შექმნას მეორე კატეგორიის ცენტრი, რომელიც რეგიონულ დონეზე დაფარავს ყველა იმ საკითხს, რომელსც UNESCO კურირებს.
www.imedinews.ge