ქართველმა და პოლონელმა არქეოლოგებმა ქუთაისში 3 000 წლით დათარიღებულ თავდაცვით თხრილს მიაკვლიეს. არქეოლოგების ვარაუდით, აღმოჩენა შესაძლოა გახდეს პირველი მატერიალური დადასტურება იმისა, რომ გვიანი ბრინჯაოს ხანის მნიშვნელოვანი ცენტრი - კოლხეთის ცივილიზაცია ნამდვილად ქუთაისის ამჟამინდელი გაბაშვილის გორის გარშემო (არქეოლოგიური გათხრების არეალი) არსებობდა.
თხრილი სიგანით 10 მ-ს, სიღრმე კი 6 მ-ს აღწევს.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, არქეოლოგიური ობიექტი ტიპიურია იმ ანალოგებისა, რომლებიც გამოყენებული იყო ბრინჯაოს ხანის პერიოდში (დაახლოებით 3000-3500 წლის წინ) და მოგვიანებით - ანტიკურ ხანაში (IV -VI საუკუნეები ჩვ.წ. აღღიცხვით). იქედან გამომდინარე, რომ არქეოლოგიური თხრილის მიმდებარე რელიეფი შეუქცევადადაა შეცვლილი სხვადასხვა ჩარევისა და თანამედროვე მშენებლობების შედეგად, მეცნიერები აღმოჩენილი თხრილს ქუთაისის ადგილზე ანტიკური ქალაქის არსებობის ჯერჯერობით ერთადერთ მატერიალურ დადასტურებად მიიჩნევენ.
პოლონურ-ქართული ექსპედიციის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა ე.წ კოლხური ბრინჯაოს ცულის ჩამოსასხმელი ქვის ყალიბი. აღმოჩენილია გამოსაწვავ ღუმელში გამოსაყენებელი კერამიკული მილი, რომელიც სპეციალისტებს საკვლევი არეალის მიმდებარედ მეტალურგიის არსებობის ისტორიულ კვალზე მიანიშნებს. გამოვლენილია ასევე კოლხეთში დამზადებული გვიან ბრინჯაოს ხანის ტიპიური კერამიკული და ანტიკური ხანის თიხის ჭურჭელი. ასევე იმპორტირებული ჭურჭლის ფრაგმენტებიც.

გარდა ამისა, ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყურძნისა და ლეღვის წიპწები, მარცვლეულისა და სხვა საკვები მცენარეების ორგანული ნარჩენები მეცნიერებს 3 000 – 3 500 წლის წინანდელი ადგილობრივი ფლორისა და ანტიკური კოლხეთის მცხოვრებთა კვების რაციონის აღდგენაში დაეხმარება. არქეოლოგიური მასალების ნიმუშები უახლოეს მომავალში პოლონეთის ქიმიურ ლაბორატორიებში შემდგომი კვლევისათვის გაიგზავნება.
www.travelingeorgia.ge