ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
71 მილიონი ლარი ბიზნესსახლისთვის - ტენდერი გამოცხადდა
30 ნოემბერი, 2017
თბილისში, ორთაჭალაში ბიზნესსახლის მშენებლობაზე სახელმწიფო ტენდერი გამოცხადდა. სახელმწიფო შესყიდვას შპს "სახელმწიფო მომსახურების ბიურო" ახორციელებს. 
შესყიდვის საწყისი ფასი 71 მილიონ 621 ათასი ლარია. ტენდერი 24 ნოემბერს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 14 დეკემბერს იწყება და 19 დეკემბერს დასრულდება. 

დოკუმენტაციის მიხედვით, საპროექტო შენობა შედგება 5 ძირითადი და 1 შუალედური სართულისგან. 

შენობაში განთავსდება რამდენიმე ფუნქციური სივრცე: 

სერვის ჰოლი: ეს არის ვიზიტორების მომსახურების სივრცე. 

კომერციული სივრცე: გასაქირავებელი კომერციული გართები, სალარო, საბეჭდი და დასასკანირებელი ოთახი. 

მრავალფუნქციური სივრცე: შედგება პირველ სართულზე 2 დარბაზისგან, გაერთიანების შესაძლებლობით და მეორე სართულზე ერთი დიდი დარბაზისგან. 

საკონფერენციო სივრცე: შედგება საკონფერენციო ოთახისაგან, მიმღები, გარდერობი სან. კვანძებისგან, დასასვენებელი სივრცისა და ტექნიკური ოთახებისაგან. 

საზოგადოებრივი სან. კვანძები კვების ობიექტები: კაფე პირველ სართულზე, რესტორანი და თანამშრომლების სასადილო მეორეზე, რომელსაც აქვთ საერთო სამზარეულო. 

სამზარეულოს ემსახურება 2 ლიფტი, ნარჩენების გასატანად და პროდუქტის მისაწოდებლად. 

დამხმარე ფუნქციები: თანამშრომლების მისაღები, გასახდელები, სატრენაჟორო, საბავშვო მოსაცდელი კუთხე, მედ.პუნქტი, დაცვა. 

ტექნიკური სივრცეები: შენობაში განთავსებული სასერვერო, არქივი, მექანიკური ნაწილის და ელექტროობის დანადგარებისთვის გამოყოფილი სივრცეები, მათი სამართავი ოფისები, საწყობები. 

შენობა ენერგოეფექტური იქნება: გამოიყენება მზის პანელები და წყლის გამაცხელებლები. ხდება წვიმის წყლის შეგროვება სახურავებიდან და გამწვანებული ეზოს ტერიტორიიდან და გამოიყენება ტექნიკურ წყლად (მოსარწყავად, სან. კვაძებში); სახურავი არის გამწვანებული, რაც ზრდის შენობის ენერგოეფექტურობას.

გათვალისწინებულია "მწვანე"(ელექტრო) მანქანებისთვის სადგომები. ფასადზე მოწყობილია მაღალი ხარისხის ალუმინის ვიტრაჟი დაბალემისიური შუშებით და დათბუნებული კედლები, მოწყობილია მზის საჩრდილობლები. 

ბიზნესსახლის პროექტი შარშან დაანონსდა. ბიზნესსახლი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ახლებურ მოდელს წარმოადგენს, რომელიც ბიზნესისა და იურიდიული პირებისთვის, სხვადასხვა სამინისტროსა თუ სახელმწიფო უწყებაში გაფანტული სერვისების ერთ სივრცესა და ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე მიწოდებას ითვალისწინებს. 

მათ შორისაა - სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის სერვისები, ბუნებრივი რესურსების ლიცენზიები, მშენებლობის ნებართვები, ენერგეტიკული პროექტები, სოფლის მეურნეობის დახმარების სახელმწიფო პროგრამები, პროგრამა - "აწარმოე საქართველოში", რომელთან დაკავშირებულ სერვისებს ბიზნესს მეწარმეობის განვითარების სააგენტო აწვდის, საპარტნიორო ფონდის სერვისები და ა.შ. 

ჯამში, საუბარია 600-ზე მეტ მომსახურებაზე, რომელსაც ბიზნესი დღეს სახელმწიფოს მხრიდან იყენებს და ყველა მათგანი ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი.
 
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.