სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: ავიაკომპანია flydubai ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას ანახლებს
მიმდინარე წლის 12 მაისიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია flydubai ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენებს განაახლებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
ავიარეისები Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:
დუბაი - ბათუმი - დუბაი, 12 მაისიდან 29 აგვისტომდე, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.
ამასთან, ავიაკომპანია შეასრულებს დამატებით რეგულარულ ფრენებს დუბაი - თბილისი - დუბაის საჰაერო ხაზზე მიმდინარე წლის 13, 14, 16 და 17 მაისს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 27 აპრილს მიენიჭა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
commersant.ge