ეროვნული კინოცენტრი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს მეცამეტედ წარსდგება. ევროპული კინოს ბაზრობაზე (EFM) საქართველოს სტენდს ამჯერად სააგენტო "აწარმოე საქართველოში" და ეროვნული კინოცენტრი ერთობლივად წარადგენენ.
საქართველოს პავილიონში ქართული ფილმების პრომოუშენის გარდა, საქართველოში გადაღებით დაინტერესებული უცხოელი კინომწარმოებლებს პროგრამა „გადაიღე საქართველოში" გააცნობენ.
კინოცენტრის ცნობით, 16 თებერვალს ბერლინალეს სექციაში Panorama შედგება თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის „ჰორიზონტი" მსოფლიო პრემიერა. ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველო-შვედეთის კოპროდუქციაა.
European Film Promotion-ის გადაწყვეტილებით, ირაკლი კვირიკაძე 10 ყველაზე ნიჭიერ ევროპელ "ამომავალ ვარსკვლავს” შორის მოხვდა.
Shooting Stars - ამ ნომინაციაში ქართველი მსახიობი რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები" შესრულებული როლისთვის მოხვდა.
კატეგორიის ნომინანტი მსახიობები 4 დღის მანძილზე (16-19 თებერალი) დაესწრებიან ვორქშოპებს, შეხვდებიან ექსპერტებს, რეჟისორებს, პროდიუსერებს, კასტინგის დირექტორებს, 19 თებერვალს კი Berlinale Palast-ში თითოეულ მათგანს პრესტიჟული ჯილდო - European Shooting Stars Award გადაეცემა.
გერმანული კინოს აკადემიამ "ჩემი ბედნიერი ოჯახი" გერმანული კინოს ჯილდოზე LOLA წარადგინა. ჩვენებები სპეციალური რეტროსპექტივის LOLA at Berlinale ფარგლებში - 18 და 21 თებერვალს დელფის ცნობილ კინოთეატრში გაიმართება, რის შემდეგაც მაყურებელი ფილმის შემქმნელებს შეხვდება.
პროექტს LOLA at Berlinale სამი პარტნიორი ერთობლივად ახორციელებს: გერმანული კინოაკადემია, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი და გერმანული კინოს ფონდი.
სექცია BERLINALE CLASSICS მაყურებელს მსოფლიოში ათწლეულების წინ აღიარებული 7 ფილმის აღდგენილი ვერსიების მსოფლიო პრემიერებს შესთავაზებს. მათ შორის ერთ-ერთი მიხეილ კალატოზიშვილის კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი ფილმი - „მიფრინავენ წეროები" იქნება.
Market Screenings-ის ფარგლებში, რომელიც დისტრიბუტორებისთვის ფილმების ჩვენებას ითვალისწინებს, გაიმართება ზაზა ხალვაშის ახალი ფილმის „ნამე" ჩვენება.
14-22 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მსვლელობისას, ბერლინში კრიტიკოსთა კვირეული გაიმართება. კვირეულს ანა ურუშაძის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმის - "საშიში დედა" გერმანული პრემიერა გახსნის.
ნეთვორქინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან პლატფორმაზე Berlinale Talents წელს 3 ქართველი კინემატოგრაფისტი იქნება წარმოდგენილი: ანა სარუხანოვა - რეჟისორი რატი წითელაძე - რეჟისორი, პროდიუსერი •ნინო ვარსიმაშვილი - სცენარისტი, პროდიუსერი რატი წითელაძე და ნინო ვარსიმაშვილი მათ პროექტს „ცარიელი სახლი" პარალელურად Talent Project Market-ზე წარადგენენ, სადაც იგი 10 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა.
პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი პროექტები პროდიუსერებსა და გაყიდვების აგენტებს წარუდგინონ და პოტენციური პარტნიორები მოიძიონ. ქართული მხარე აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ბერლინალეს კოპროდუქციის ბაზრობაზე.
Coproduction Market განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სივრცეა პროდიუსერებისთვის. გარდა ამისა, ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, ბერლინის კინიფესტივალის ფარგლებში გაიმართება დამატებითი შეხვედრები შემდეგი ქვეყნების კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან: შვედეთი, ბელგია, ავსტრია. სამუშაო შეხვედრების მიზანია, ქართველი და უცხოელი პროდიუსერებისა თუ რეჟისორების ხელშეწყობა კოპროდუქციული ნამუშევრების შესაქმნელად, რაც ქართულ კინოინდუსტრიაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს.
პრეზენტაციებისას წარმოდგენილი იქნება 12 ქართული სრულმეტრაჟიანი პროექტი, რომლებსაც უკვე მოპოვებული აქვს ნაწილობრივი დაფინანსება ან განვითარების გარკვეულ ეტაპზეა. პროექტებს უცხოელი კოლეგების წინაშე 10 ქართველი კინოპროფესიონალი წარადგენს.
www.travelingeorgia.ge