ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოდან ევროპაში უვიზოდ გასული 86 500 ადამიანიდან უკან მხოლოდ 226 მოაბრუნეს
21 სექტემბერი, 2017

2017 წლის 28 მარტიდან, ანუ უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, შენგენის ზონაში უვიზოდ საქართველოს 86 500 მოქალაქე შევიდა. ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის თამარ ხულორდავას ინფორმაციით, ზემოხსენებული 86 500 ვიზიტიდან საზღვრიდან გამობრუნების 266 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საერთო მონაცემის 0.3%-ია.

უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 18 სექტემბრამდე 174 დღეა გასული, შესაბამისად, გამოდის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოდან ევროპაში უვიზოდ დღეში საშუალოდ 497 ვიზიტი ხორციელდებოდა. მონაცემები არ ასახავს საზღვრის სახმელეთო გადაკვეთებს.

„ეს არ არის ცუდი მონაცემი და მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირის მხრიდან რაიმე ხელოვნურ ბარიერებს ჩვენი მოქალაქეებისთვის ადგილი არ აქვს. ჩვენი ინფორმაციით, [გამობურნების] შემთხვევები, რომლებიც დაფიქსირდა, მხოლოდ ობიექტურ მიზეზებს უკავშირდებოდა: დოკუმენტაცია არ იყო წესრიგში ან ადამიანს უფიქსირდებოდა დარღვევა, რა დროსაც მას არ ჰქონდა უფლება, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ისევ შესულიყო შენგენის ზონაში”, – აცხადებს ხულორდავა.

ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ევროპაში კანონიერად ყოფნის ვადას გადააცილა და უკან არ დაბრუნდა.

„ნეტგაზეთი“


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.