ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი Calvin Klein - ი შემოდის
20 ნოემბერი, 2017

საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი Calvin Klein–ი შემოდის. მისი პირველი ოფიციალური მაღაზია „გალერია თბილისში“ პირველ დეკემბერს გაიხსნება. მსოფლიო ბრენდი, საწყის ეტაპზე Calvin Klein Jeans-ით შემოვა, რომელიც გარდა ჯინსისა, აერთიანებს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის სრულ ასორტიმენტს - Casual Look-ის ფარგლებში. მაღაზია 125 კვადრატულ მეტრზე იქნება განთავსებული.

ექსკლუზიურად „კომერსანტს“ ბრენდის შემოსვლის დეტალებზე, კონკურენციასა და სამომავლო გეგმებზე Calvin Klein Georgia-ს გენერალური მენეჯერი, მარი დაშნიანი ესაუბრა. როგორც დაშნიანი განმარტავს, ბრენდის შემოსვლა ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

-Calvin Klein-ის შემოსვლასთან დაკავშირებით ქვეყანაში საზოგადოების მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდია...

-Calvin Klein-ის პირველი ოფიციალური ფრანჩაიზინგული მაღაზია საქართველოში და ზოგადად რეგიონში, ოფიციალურად პირველ დეკემბერს გაიხსნება, თუმცა CK-ის ბრენდის ნამდვილ მოყვარულებს მაღაზია „გალერია თბილისის” ოფიციალური გახსნის დღეს - 30 ნოემბერსაც უმასპინძლებს. ორივე დღეს ძალაში იქნება სპეციალური შეთავაზებები და სხვადასხვა სიურპრიზები, რაც ჩვენს მომხმარებლებს შოპინგისთვის კიდევ უფრო სასიამოვნო ატმოსფეროს შეუქმნის.

 

-Calvin Klein-ი მრავალფეროვან პროდუქციას აერთიანებს და ის განსაკუთრებით ცნობილია ჯინსის ხაზის წარმოებით. დეკემბრიდან, თბილისში ბრენდი მომხმარებელს კონკრეტულად რა სახის პროდუქციას შესთავაზებს?

-ბრენდის და ადგილობრივი წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით, Calvin Klein თავდაპირველად ქართულ ბაზარზე მისი  ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროდუქციით -  Calvin Klein Jeans-ით შემოვა, რომელიც გარდა ჯინსისა, აერთიანებს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის სრულ ასორტიმენტს - Casual Look-ის ფარგლებში

გარდა ამისა, გლობალური ბრენდის პირველ ოფიციალურ მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება ფეხსაცმლისა და აქსესუარების სრული სპექტრი - ორიგინალური დიზაინის და უმაღლესი ხარისხის ჩანთები, საფულეები, საათები, CK ბიჟუტერია, ექსკლუზიური პარფიუმერია და სათვალეების ხაზი.

განსაკუთრებით სასიამოვნო სიახლე, მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი თეთრეულის ხაზის - CK Underwear-ის პროდუქციის შეძენაც საქართველოში პირველად იქნება შესაძლებელი.

-როგორი საფასო პოლიტიკა ექნება Calvin Klein-ს და რომელ სეგმენტზე იქნება გათვლილი?

-ვინაიდან ბრენდული მაღაზია ოფიციალური ფრანჩაიზის ფარგლებში იხსნება, საფასო პოლიტიკა ევროპაში არსებულ ფასებს გაიმეორებს  და ქართული ბაზრის ეკონომიკურ პარამეტრებზე ადაპტირებული იქნება.  რაც იმას ნიშნავს, რომ Calvin Klein-ის იგივე პროდუქციის შეძენა ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში მხოლოდ ანალოგური, ან უფრო მაღალი ღირებულებით იქნება შესაძლებელი.

-რას ნიშნავს ამ ბრენდის ქვეყანაში შემოსვლა და ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით რა სიახლეებს მოუტანს მას?

-ქართული ბაზარი გლობალური ბრენდებით განებივრებული არ არის. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ისეთი მასშტაბური და მსხვილი პროექტის ფარგლებშიც კი, როგორიც “გალერია თბილისია”,  მხოლოდ რამდენიმე მსგავსი ბრენდია წარმოდგენილი.

Calvin Klein-ის ბრენდი ამერიკაში, 1968 წელს დაარსდა ქელვინ ქლაინის და ბარი შვარცის მიერ. მისი სათავო ოფისი New York-ში, მანჰეტენზე მდებარეობს და დღეისთვის იგი მოდის სამყაროში ერთ-ერთ გავლენიან და უდიდეს ბრენდად ითვლება.

კომპანიის კაპიტალიზაცია 9 მლრდ დოლარს აღწევს და მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 2 400 მაღაზიას აერთიანებს. თითქმის 50 წლის შემდეგაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით Calvin Klein განაგრძობს კულტურული კატალიზატორის როლში ყოფნას.

როდესაც ასეთი დონის ბრენდი ქვეყანაში პირველად შემოდის, ბუნებრივია, ეს საკმაოდ დადებითი ინდიკატორია ქვეყნის ეკონომიკისთვის და უცხოელი ინვესტორების მხრიდან ადგილობრივი ბაზრით დაინტერესებისთვის.

-როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქართული ბაზარი გლობალური ბრენდებით განებივრებული არ არის, მიუხედავად ამისა, ბაზარზე კონკურენცია მაინც დიდია. რითი გაუწევს Calvin Klein-იბაზარზე არსებულ სხვა უცხოურ ბრენდებს კონკურენციას?

-Calvin Klein-ის სეგმენტის პირდაპირი კონკურენტი მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელია ბაზარზე. ბრენდის კონკურენციის მთავარი ინსტრუმენტი პროდუქციის მაღალი ხარისხია. 1968 წელს Calvin Klein-ის პირველი ორიგინალი ჯინსის გამოჩენიდან.

ბრენდი დღემდე პოზიციონირებს მსოფლიოში როგორც აუთენტური ჯინსი, რომელიც ცნობილია მისი ინოვაციური შემადგენლობით, უნიკალური დეტალებითა და დამუშავებით. თუმცა დღეს, Calvin Klein Jeans უკვე აღარ არის მხოლოდ ჯინსი. ის არის სექსუალური, თანამედროვე ბრენდი, სადა, ბუნებრივი, მაგრამ მკვეთრი დიზაინით.

-ქვეყნის მასშტაბით კიდევ სად განიხილება უახლოეს მომავალში Calvin Klein-ის მაღაზიის გახსნა?

-მორიგი მაღაზიის გახსნა დაგეგმილია 2018 წელს, თუმცა კონკრეტულად რომელ ქალაქში და ბრენდის რომელი ლეიბლით, ეს ამ ეტაპზე კომერციული საიდუმლოებაა.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.