ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2018 წლის 3-დან 6 მაისის ჩათვლით საქართველოში ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი უკვე მეორედ ჩატარდება.
ორგანიზატორების განმარტებით, კონკურსის მიზანია მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელშეწყობა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება.
კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაცია ასოციაციაში უკვე დაიწყო.
მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან. საკონკურსო ნიმუშებს გასინჯავს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური.
ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში პირველად 2017 წელს ჩატარდა. შედეგად 150 ღვინის ნიმუშიდან 22-მა ოქროს, 20-მა ვერცხლის და 29-მ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
„ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდერეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძელესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებისთვის და კონკურსი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოში“, - განმარტავენ ორგანიზატორები.
კონკურსის მხარდამჭერები არიან: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო.
www.travelingeorgia.ge