საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა იზრდება. მარტში ქვეყანას 578 514 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 67 472-ით მეტია (+13.2%) 2017 წლის მარტთან შედარებით. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მარტში იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 292 017 შეადგინა, რაც 72 403-ით (+33%) მეტია 2017 წლის მარტის მაჩვენებელზე.
2018 წლის მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან 133 448, სომხეთიდან - 109 371 თურქეთიდან - 100 721 რუსეთიდან - 91 529 და ირანიდან - 58 828 განხორციელდა.
სულ 2018 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით საქართველოს 1 463 561 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, შესაბამისად ერთი წლის განმავლობაში მაჩვენებელი +15.5%-ით არის გაზრდილი.
იანვარ-მარტში მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 659 338 (+28.2%) შეადგინა. ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (-3.9%), სომხეთიდან (+15.8%), თურქეთიდან (+21.8%), რუსეთიდან (+25.5%) და ირანიდან (+63.9%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-მარტში გამოირჩნენ: ესპანეთი +79%, გაერთიანებული სამეფო +53%, ნიდერლანდები +46%, გერმანია +27%, საფრანგეთი +24% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +127%, საუდის არაბეთი + 82%, ისრაელი +77%, ირანი +64%, ჩინეთი +56% და სხვა.
www.travelingeorgia.ge