ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში ტურიზმის პირველმა უმაღლესმა სასწავლებელმა Vatel-მა პირველი სტუდენტების მიღება 2020 წლამდე გადადო
29 იანვარი, 2019

საქართველოში ტურიზმის პირველმა უმაღლესმა სასწავლებელმა Vatel-მა  პირველი სტუდენტების მიღება 2020 წლამდე  გადადო. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ბლოკ  ჯგუფის“  აღმასრულებელი დირექტორი  თორნიკე ჯანაშვილი „კომერსანტთან“  საუბრისას აცხადებს, დაგეგმილი იყო სტუდენტების 2018 წლის თებერვალში მიღება, შემდეგ, 2018 წლის ბოლოს,  თუმცა, ტექნიკური მიზეზების გამო პროცესი გადაიდო.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის უმაღლესი სასწავლებელი Vatel-ი საკანონმდებლო ორგანოს მიერ კანონში შესატანი ცვლილების დამტკიცებას ელოდება, რის შედეგადაც  ფრანგული სასწავლო პროგრამის ქართულ კანონმდებლობაზე და სასწავლო პროგრამაზე მორგება მოხდება.

ჯანაშვილი სასწავლებლის არსებობის აუცილებლობაზე და მისი ამოქმედების შემდეგ მოლოდინებზეც საუბრობს. მისი განმარტებით, დღეს ქვეყანაში სასტუმროს ბიზნესის სწავლება კოლეჯის დონეზეა დასული და  ქვეყანაში  ამ მიმართულებით მენეჯერების ნაკლებობაა. „ზოგადად, Vatel-ს, თავისი არსებობის მანძილზე, 100%-იანი დასაქმება აქვს. მის დიპლომს აღიარებს ყველა საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო. სწავლის პროგრამა ისეა აწყობილი, რომ ყოველი მეორე სემესტრი ბრენდულ სასტუმროებში პრაქტიკის გავლას მოიცავს. ეს გლობალური პროგრამაა, შესაბამისად, ჩვენი უნივერსიტეტიც ჩართული იქნება ამაში. ბოლო კურსის ყველა სტუდენტს სასტუმროსთან კონტრაქტი უკვე დადებული ექნება“-აღნიშნავს ჯანაშვილი.

მისი განმარტებით, მხოლოდ საქართველოში, უახლოეს მომავალში საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების  დაახლოებით 2 000  ნომერი  შევა ექსპლუატაციაში. ეს კი ნიშნავს, რომ ასეულობით მენეჯერის იქნება საჭირო. „ძალიან ბევრი მსოფლიო ბრენდის სასტუმრო გველაპარაკება კადრებით უზრუნველყოფაზე. სტუდენტებზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება როგორც საქართველოში, ისე  რეგიონში. ტურიზმის სფერო მსოფლიო მასშტაბითაც ვითარდება. დუბაიზე და ემირატებზე უკვე აღარ მაქვს საუბარი. საუდის არაბეთიც კი ცდილობს ტურიზმის განვითარებას. შესაბამისად, მოთხოვნა ევროპელ მენეჯერებზეა, თუმცა, პროფესიონალების ნაკლელობა აქაც შეინიშნება.  მაგალითად, საფრანგეთში წელიწადში 30 000 კვალიფიციური კადრის მოთხოვნა აქვთ ტურიზმის სფეროში,“ — აღნიშნავს ჯანაშვილი.

კითხვაზე — იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ჯერ არ არის ტურიზმის უმაღლესი სასწავლებელი და ამ სფეროში მენეჯერების სიმცირეა, როგორ ხდება აქ არსებულ მსოფლიო ბრენდებში დასაქმება — ჯანაშვილი განმარტავს, რომ სწორედ ამის გამო, საქართველოში თითქმის ყველა ბრენდეული სასტუმროს გენერალური მენეჯერი უცხოელია.  ადგილობრივი კადრი შედარებით დაბალ პოზიციებზე საქმდება. „მათთაც არ აქვთ სპეციალური განათლება  და მხოლოდ იმით ვაფასებთ, რომ აქვთ გამოცდილება,“ — აღნიშნავს ჯანაშვილი.

მისივე განმარტებით,საქართველოში ტურიზმის სფეროში გენერალური მენეჯერის შრომის ანაზღაურება თვეში მინიმუმ  10 000 -15 000 დოლარს შეადგენს. „ქართველი მენეჯერი უფრო იაფი დაჯდება გამომდინარე იქიდან, რომ, მაგალითად, მის საცოვრებელ ფართში  კომპანია ფულს აღარ დახარჯავს. მიუხედავად ამისა, პოზიცია მაინც საკმაოდ მაღალანაზღაურებადია,“ — აღნიშნავს ჯანაშვილი.

როგორც ცნობილია, უნივერსიტეტის პრეზენტაცია 2017 წლის  29 მაისს გაიმართა. ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი Vatel-ი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) შენობაში განთავსდა. მაშინ  სტუდენტების მიღება მიმდინარე წლის სექტემბერში დაანონსდა. პროექტს „ბლოკ ჯგუფი„  და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) ერთობლივად ახორციელებენ.

მაშინ ჯანაშვილი აცხადებდა, რომ Vatel-ი სტუდენტებს  წელიწადში სამჯერ მიიღებდა. კერძოდ, სექტემბერში, ნოემბერში და თებერვალში. ეს იქნება ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, ასევე დაგეგმილია პროფესიული ტრენინგები. დიპლომები კი საფრანგეთიდან გაიცემა. პირველ ეტაპზე დაგეგმილია ბაკალავრიატის 50 სტუდენტის მიღება.სწავლება 3 წლიანი იქნება.

როგორც ცნობილია, ტურიზმის მართვის სექტორში მსოფლიოში ყველაზე დიდ ფრანგულ უნივერსიტეტ Vatel-თან კონტრაქტი 2017 წელს  გაფორმდა, რომლის მიხედვით, „ბლოკ ჯგუფს“  და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს (სეუ) საქართველოსა და სომხეთში მოღვაწეობის ექსკლუზიური უფლება მიენიჭა.  მაშინ ჯანაშვილი აცხადებდა, რომ Vatel-ი აღიარებულია მსოფლიოს ყველა დიდი სასტუმროების ქსელის მიერ და ის გასული წლის ნოემბერში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტად აღიარეს.

თორნიკე ჯანაშვილის განცხადებითვე, უნივერსიტეტში სწავლის საფასური საკმაოდ ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ,წელიწადში  5 ათასი დოლარი იქნება.

„თუმცა, ვცდილობთ, ქართველებისთვის სწავლის საფასური შედარებით იაფი, უცხოელებისთვის კი შედარებით ძვირი იყოს. რადგან ჩვენ გარანტირებულად ვასაქმებთ, ვმუშაობთ ფინანსურ  ინსტიტუტებთან, რომ მათ დაფინანსების პროგრამებიც შევთავაზოთ. სტუდენტი ყველა ვარიანტში დასაქმებულია და პირველივე წელს, მინიმალური ხელფასი, თვეში  დაახლოებით 3 000 ევრო ექნება,“ —აღნიშნავს ჯანაშვილი.

პროექტში  მთლიანობაში 1,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

Vatel-ის პირველი სკოლა 1981 წელს გაიხსნა პარიზში. პირველი 10 წელიწადი უნივერსიტეტი საფრანგეთში ვითარდებოდა. 1984 წელს კამპუსი გაიხსნა ლიონში, 1989 წელს — ნიმესში, 1994 წელს  — ბორდოში. დღეისათვის Vatel GROUP-ს 35 კამპუსი აქვს მთელს მსოფლიოში. Vatel-ი სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტში მსოფლიოს ნომერ პირველი სკოლაა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.