სათავგადასავლო მარშრუტი, ველობილიკები, საპარკინგე ზონა - ბოტანიკურ ბაღში წავკისისწყლის ხეობის განვითარება იწყება
სათავგადასავლო მარშრუტების, ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს ბოტანიკურ ბაღში წავკისისწყლის ხეობის განვითარების პროექტი. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა სათავგადასავლო მარშრუტი და ვიზიტორთა ცენტრი.
თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ეს ბაღს დამატებით ფუნქციას შესძენს, ასევე ხელს შეუწყობს ბოტანიკური ბაღის ხელმისაწვდომობისა და ტურისტული პოტენციალის ზრდას.

პროექტის თანახმად, ბაღს ექნება ალტერნატიული შესასვლელი და საპარკინგე ზონა.
„ბოტანიკური ბაღი თავისი ფუნქციითა და ადგილმდებარეობით ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი განვითარებული ქალაქი ინატრებდა ასეთ ადგილს ქალაქის ცენტრში. გვაქვს შესაძლებლობა, ის კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ. ბევრ ველომოყვარულს ექნება შესაძლებლობა, ქალაქის ცენტრში, ულამაზეს ხეობაში დაახლოებით, ოთხი კილომეტრი ველოსიპედით გაიაროს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახი კალაძემ.

პროექტით გათვალისწინებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს.
წავკისისწყლის ხეობაში სათავგადასავლო მარშრუტის მოწყობა და მისი პოტენციალის ათვისება საერთაშორისო ექსპერტების ერთ-ერთი რეკომენდაციაა. ბოტანიკური ბაღი 97 ჰა ფართობს მოიცავს, რომლის შემადგენელი ნაწილი წავკისისწყლის ხეობაა.

www.travelingeorgia.ge