„სახლი მადათოვზე“ - „ბიზნესში სირთულეები ყოველთვის არის, თუმცა სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში პრობლემები მალე გვარდება“
რესტორანი „სახლი მადათოვზე“ ახლადშექმნილი ბიზნესია და ის ბაზარზე 2017 წლის თებერვალში (აღმაშენებლის 25) გამოჩნდა. როგორც რესტორნის დამფუძნებელი ნიკა ქაჯაია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რესტორანში მხოლოდ ქართული სამზარეულოა წარმოდგენილი და ის სხვადასხვა სოფელში ნატურალურ პროდუქციას საკუთარი ხელით არჩევს. „სახლი მადათოვზე“ საშუალო და მაღალშემოსავლიან სტუმრებს მასპინძლობს. სამომავლოდ რესტორანი თბილისის მასშტაბით ქსელური სახითაც იქნება წარმოდგენილი.

„ბოლო დროს ევროპულმა სამზარეულომ იმატა, თუმცა ჩვენ ვარჩიეთ, რომ ქართულ სამზარეულოზე გაგვეკეთებინა აქცენტი და რესტორნის კონცეფციაც სწორედ ამაზეა აგებული.
ჩვენმა რესტორანმა წარმატება მცირე დროში მოიპოვა. ეს პროფესიონალიზმისა და გამოცდილების შედეგია. რაც შეეხება სახელწოდებას, ამ ადგილს მე-19-ე საუკუნეში მადათოვის კუნძული ერქვა და სახელწოდებაც სწორედ აქედან გამომდინარე შევარჩიეთ. ჩვენ საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზე ვართ გათვლილები და მომხმარებელს საკვებთან ერთად სხვადასხვა სახის სასმელს ვთავაზობთ“, - განმარტა ქაჯაიამ.
რესტორნის დამფუძნებელმა ჩვენთან ახლადწამოწყებული ბიზნესის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ ბიზნესის წამოწყება და მისი განვითარება რთულია.

„ბიზნესში სირთულეები ყოველთვისაა, თუმცა სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში ეს პრობლემები მალე გვარდება. როდესაც ყველაფერი ერთმანეთთან ჯაჭვურადაა დაკავშირებული, ბიზნესიც სწორედ ვითარდება. ჩვენთვის და ზოგადად, მცირე ბიზნესისთვის პრობლემა არის ბანკების მიერ სესხებზე დაწესებული მაღალი განაკვეთები“, - აღნიშნა ნიკა ქაჯაიამ.
როგორც რესტორნის დამფუძნებელი აცხადებს, „ქვეყანაში პროფესიონალი კადრების პრობლემა დგას, თუმცა ჩვენ შევძელით გამოცდილი კადრების მოძებნა. ქვეყანაში, ამ კუთხით სიტუაცია უნდა გამოსწორდეს, ამისთვის მეტი პროფესიული სასწავლებლის შექმნა და კვალიფიციური კადრების გამოშვებაა საჭირო. რა თქმა უნდა, კადრების გადამზადებაში საკუთარ წვლილს შევიტან.“
ავტორი: ლიკა გურაბანიძე
commersant.ge