ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია კრიზისს განიცდის, ახალ ხელმძღვანელს ბევრი რთული გამოწვევა ელის”
06 თებერვალი, 2019

საქართველოს ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი, ტურიზმის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს ურჩევს, სექტორთან აქტიურად ითანამშრომლოს და მათი ხედვები გაიზიაროს. 

მისი განმარტებით, საქართველოში ტურიზმი ახალგაზრდა სექტორია და ახალგაზრდა კადრების დამატებას საჭიროებს. “ტურიზმის ინდუსტრიას სწორი ხედვა და სწორი განვითარება სჭირდება, ასევე ყველა სხვა სამინისტროსთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობა, ევროპული გამოცდილების გაზიარება, გაუაზრებელი პროექტების შეჩერება, ეკო-ხედვის გაძლიერება, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ერთად კულტურული ტურიზმის სწორი დაგეგმვა”, – განაცხადა ია თაბაგარმა.

რაც შეეხება ტურიზმის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს, თაბაგარის თქმით,  საქართველოში ტურიზმი “ახალგაზრდაა” და მას ახალი ხედვებით, ახალგაზრდები სჭირდება. 

“იმედია, ახალი ხელმძღვანელი დასავლურ ორიენტაციას მიემხრობა, დაასრულებს დაწყებულ პროექტებს და გაიზიარებს კერძო სექტორის შეხედულებებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვინც არ უნდა იყოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, წარმატებულ და ძირეულ ცვლილებებს მაინც ვერ მოახდენს, სანამ მთლიანი სისტემა არ შეიცვლება”, – განაცხადა მან.

ია თაბაგარი ასევე აღნიშნავს, რომ ხშირად ირღვევა გენგეგმები, ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტები კი, ეკონომიკის სამინისტროს სივრცული დაგეგმარების პროექტებთან წინააღმდეგობაში მოდის.

„სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია კრიზისს განიცდის. სახელმწიფომ ბიუჯეტიდან და საგარეო სესხებიდან მილიონობით ლარი დახარჯა ტურიზმის პროექტებზე, თუმცა დღემდე ქვეყანაში არ არსებობს არცერთი მაღალი დონის კურორტი, რაც ძალიან სამწუხაროა. მაშინ, როცა ეკონომიკის სამინისტრო სივრცული დაგეგმარების პროექტებზე მუშაობს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტები აღნიშნულ პროექტებთან სრულ წინააღმდეგობაში მოდის, ირღვევა გენგეგმები, დაცული ტერიტორიების და კულტურის ძეგლების სტატუსები.

ასეთ დროს შეუძლებელია, დადებითი ცვლილებების დანერგვა ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან, რომელიც წესით მთავარი განმცხადებელი უნდა იყოს ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ტურიზმს ეხება. ახალ ხელმძღვანელს ბევრი რთული გამოწვევა ელის. წარმატებას ვუსურვებთ მარიამს და ვეცდებით, ერთად დავძლიოთ არსებული სირთულეები. ჩვენ, კერძო სექტორი მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილები”, – განაცხადა ია თაბაგარმა.

შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.