ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სტუმრად ოტია იოსელიანთან - სახლ-მუზეუმი მარნით, აგროპროდუქტებით და გულუხვი მასპინძლებით
17 იანვარი, 2018

ცნობილი ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის კარ-მიდამომ წყალტუბოში ახალი ფუნქცია და დატვირთვა შეიძინა. იქ მისულ ადგილობრივ თუ უცხოელ სტუმრებს საშუალება აქვთ იმერული სტუმარ-მასპინძლობის ფენომენი უშუალოდ ბუნებრივ გარემოში აღიქვან და განიცადონ, თან ადგილობრივი წარმოშობის თეთრი, ვარდისფერი და წითელი ღვინოები დააჭაშნიკონ.

აქ ოტია იოსელიანის შვილიშვილი, უმცროსი ოტია იოსელიანი გიმასპინძლებთ. პროფესიით არქიტექტორს მეღვინეობის სფერო ყოველთვის აინტერესებდა და რადგანაც ბაბუას სახლ-მუზეუმი მაინც არის, მას მაინც ჰყავს დამთვალიერებელი და ტერიტორიაც დიდია, იდეაც გაჩნდა - ტურისტებისთვის დამატებითი სერვისისა და ნატურალური პროდუქტების შეთავაზება.

ოტია იოსელიანი ამბობს, რომ სახლ-მუზეუმი რესტავრაციას საჭიროებს, სახელმწიფოს შესაბამისი თანხები კი არ აღმოაჩნდა და მიღებული შემოსავლით ბაბუას სახლ-მუზეუმის იერ-სახის შენარჩუნება იქნებოდა შესაძლებელი.

უმცროსი ოტია მადლიერია იმ ბიზნესმენის, რომელმაც სახლ-მუზეუმის გადახურვითი სამუშაოები დააფინანსა. თანაც ეს ყველაფერი ისე გაკეთდა, რომ სახლ-მუზეუმის იერ-სახის შენარჩუნება მოხერხდა. „სახლ-მუზეუმი გადაიხურა მეტალოკრამიტით, თუმცა იერ-სახე შენარჩუნებულია და ჩემთვის ყველაზე მთავარი სწორედ ესაა... მომავალში როდესაც შესაძლებლობა გვექნება, სახლ-მუზეუმის რესტავრაცია განვახორციელოთ ბოლომდე შევინარჩუნებთ მის იერ-სახეს და ამ თვალსაზრისით ჩემს ძირითად პროფესიას გამოვიყენებ,“ - ამბობს ოტია იოსელიანი.

ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში შესანიშნავი მარანია და პირველი რაზეც ოჯახის წევრებმა და შთამომავლებმა ყურადღება გაამახვილეს ღვინის ტურების მოწყობა იყო. „მით უმეტეს, რომ საქართველო ბორდოში 8000-წლიანი ღვინის კულტურის ქვეყნად აღიარეს“, - ამბობს უმცროსი ოტია იოსელიანი.

სტუმრებს აქ დასავლეთ საქართველოში წარმოებული ღვინის (ტანინის გარეშე) დაგემოვნება შეუძლიათ. ამ ეტაპზე 3 სახეობაა არჩევანში ციცქა-ცოლიკაური, ოცხანური საფერე და ვარდისფერი ჩხავერი. ჩხავერის დასაწურად ყურძენი საგანგებოდ ქედადან (სოფელ ვაიოდან)  ჩამოაქვთ, როგორც ოტია ამბობს, ჩხავერი ბევრგან გაუსინჯავს, თუმცა ქედას ყურძენს განსაკუთრებული გემო და არომატი აქვს.

მსურველებს დაგემოვნების გარდა, ღვინოში ჩამოსხმული ამ სახეობის საოჯახო ღვინოების შეძენაც შეუძლიათ. მომავალი წლისთვის კი ღვინო ქვევრში დაბინავდება, რისთვისაც ქვევრები უკვე შეძენილია და ნედლეულს ელის.

კარგი საოჯახო ღვინის საწარმოებლად გამორჩეულ ადგილებში მოწეულ ყურძენს გამორჩეული გლეხებისგან ყიდულობენ, ეს ის გლეხები არიან, რომლებიც პესტიციდებს არ იყენებენ.

ღვინის გარდა, ტურისტებს სხვა ნატურალური პროდუქტის მჭადის ფქვილის, ლობიოს, აჯიკების, სვანური მარილის შეძენა შეუძლიათ. ამ პროდუქტებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული თაფლი და ფუტკრის სხვა ნაწარმია, რადგან იოსელიანების ოჯახში თაფლის დიდი ტრადიცია აქვთ.

ოტია იოსელიანი ამბობს, რომ სამომავლოდ გეგმები დიდია, თუმცა იმის ფარგლებში რის შესაძლებლობასაც ფინანსები მისცემს. გაზაფხულზე ტურისტებს ლანჩ-მენიუს შესთავაზებენ. „ეს არ იქნება რესტორანი, აქ ტურისტებს წახემსების შესაძლებლობა მიეცემათ, ძირითადად ეს იქნება კერძები იმერული სამზარეულოს მენიუდან.“

ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმის მიმდებარედ, რამდენადაც საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, შვილიშვილი გეგმავს კოტეჯის ტიპის სახლების ჩადგმას. როგორც თავად ამბობს, ეს უფრო დაბალბიუჯეტიან ტურისტებზე იქნება გათვლილი. თითო კოტეჯი 2-3 ტურისტის მიღებას შეძლებს.

ტურისტებისთვის ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი, იქ არსებული მარანი და ღვინის ტურები უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამას ისიც ადასტურებს, რომ ტურისტული კომპანიების შეთავაზებებსა და ტურისტულ მარშრუტებში ოტიას სახლ-მუზეუმი აქტიურად არის შეტანილი.

ცნობილი და გამორჩეული მწერლის შვილიშვილი ამბობს, რომ ცნობილ მეღვინეები იაგო ბიტარიშვილი და გიორგი ბარისაშვილი ამ იდეის განხორციელების ძირითადი მოტივატორები იყვნენ. „ღვინის ტურების მოწყობა გვირჩია გიორგიმ და იაგომ და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს გადაწყვეტილება ოტიას სახლ-მუზეუმში გაამართლებდა და ამით მოტივაცია კიდევ უფრო გაგვეზარდა.“

და ვინაიდან აქცენტი მაინც ამ ეტაპზე უფრო მეტად ღვინოსა და ღვინის ტურებზეა, ოტია იოსელიანი ვენახის გაშენებასაც გეგმავს. „დასაწყისისთვის ეს სულ რაღაც რამდენიმე ათეული ძირი ყურძენი იქნება, მომავალში კი თუ აქ მოწეული ყურძენი კარგ შედეგს მოგვცემს, ამ მიმართულების განვითარებაზეც ვიფიქრებთ.“

მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.