საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის 57-ე სხდომაზე საგზაო რუკის კონცეფცია დაამტკიცეს. დოკუმენტში აისახება ევროინტეგრაციის მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები.
ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომლის დევიზია „მეტი ინტეგრაცია მეტი შესაძლებლობებისთვის", შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობით, წლის ბოლომდე შემუშავდება. პრემიერის თხოვნით, ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციაზე კონსულტაციები გაიმართება მოსახლეობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, ვინაიდან ეს გეგმა აბსოლუტურად ყველასი, თითოეული მოქალაქის უნდა იყოს.
როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველომ იმაზე მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე ამას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, რადგან ქვეყანას სურს ევროპისკჯენ სვლა მომავალშიც გაგრძელდეს.
პრემიერის თქმით, საგზაო რუკა ხელს შეუწყობს საქართველოს უფრო მეტ პოლიტიკურ დაახლოებას და სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან, ვიდრე ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.
„საქართველო ევროკავშირის პარტნიორების მხრიდან განიხილება, როგორც ლიდერი ქვეყანა გატარებული რეფორმებით. ჩვენი სტრატეგიული მიზანი - ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანება მხოლოდ და მხოლოდ ასეთი ფართო ჩართულობით და ყველა უწყების აქტიურობით მიიღწევა," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 57-ე სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები.
მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. პრემიერის შეფასებით, შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.
www.travelingeorgia.ge