არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი უმსხვილესი უძრავი ქონების კომპანია Green Valley International Real Estate Group-მა ტაბახმელაში „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა მომავალ წლამდე გადადო. როგორც კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ვახტანგ გურგენიძე „კომერსანტთან“საუბრისას აცხადებს, მშენებლობის დაწყება ამჯერად ზამთრის სეზონის გამო გადაიდო.
როგორც ცნობილია, პროექტის განხორციელების დაწყება მიმდინარე წლის ოქტომბერში იყო დაანონსებული და ის ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.
დღეს გურგენიძე განმარტავს, რომ ამჟამად ხელისშემშლელი ფაქტორი ზამთარის სეზონია. მისი თქმით, სამშენებლო სამუშოები 2018 წლის პირველ ნახევარში დაიწყება.
„მშენებლობის დაწყებისგან ჯერჯერობით თავი შევიკავეთ.ზამთარში სამუშოების დაწყება რთულია. გარდა ამისა, 3 თვეში რაც უნდა გავაკთოთ, იმას გაზაფხულზე ერთ თვეში მოვასწრებთ. ამიტომ ახლა დაწყებას აზრი არ ჰქონდა“–აცხადებს გურგენიძე.
კითხვაზე, პროექტის გაჭიანურების მიზეზი ხომ არ არის ფინანსური მხარე ან სამშენებლო ნებართვა, გურგენიძე აღნიშნავს, რომ კომპანიას მშენებლობის ნებართვაც მიღებული აქვს და არც ფინანსებია პრობლემა.


Green Valley City-ს პროექტი 88 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება, ტერიტორიის 35% მწვანე ნარგავებით დაიფარება. ამასთან, მოხდება თანამედროვე არქიტექტურის ინტეგრაცია, რომელიც თანხვედრაშია გარემოს დაცვის უმაღლეს სტანდარტებთან.
პროექტი გულისხმობს საცურაო აუზების, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის, კორტების, საჯარო ბაღების და საბავშვო ზონების, თურქული აბანოების, სუპერმარკეტის, ლაქშერი რესტორნების, კაფეების და საცალო გაყიდვების ობიექტების განვითარებას.
საინვესტიციო ღირებულება 30-35 მილიონი დოლარია.
ცნობისთვის, არაბულმა კომპანიამ მიმდინარე წლის მაისში გონიოში თაუერების მშენებლობა დაიწყო. TWIN TOWERS სამი თაუერისგან შედგება, ორი 28–სართულიანი და ერთი 20-სართულიანი შენობა. მშენებლობა 2021 წელს დასრულდება. თაუერებში სასტუმროები განთავსდება, რომელსაც მენეჯმენტს თავად Green Valley გაუწევს.



ავტორი: სოფო ქსოვრელი