თბილისიდან რაჭაში ჩასვლა 3 საათშია შესაძლებელი,-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კილომეტრიანი გზა დღეს პრემიერ-მინისტრმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად გახსნა.
ახალი გზა ერთმანეთთან აკავშირებს ორ რეგიონს – იმერეთსა და რაჭას. გზა საჩხერიდან იწყება, გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ქალაქ ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქალაქ ონიდან 5 კმ-ით.
გზის მშენებლობის პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა. პროექტი 7 მონაკვეთად იყო დაყოფილი და მის მშენებლობაზე ოთხმა ქართულმა კომპანიამ იმუშავა.
ახალი გზის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ დაახლოებით 110 მილიონი ლარი შეადგინა.
business-partner.ge