ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„თბილისიმარათონი“ 2017 ჩაიშალა
17 ოქტომბერი, 2017

მარათონის 5-წლიანი ისტორია, რიგით მეექვსე მარათონის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე შეწყდა. „თბილისიმარათონი 2017“ ჩაიშალა. ამის შესახებ „თბილისიმარათონის“ საორგანიზაციო ჯგუფის მიერ გამართულ  პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, თბილისის მერიამ კომპანიას აღნიშნული ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით გარკვეული პირობები წაუყენა.

კერძოდ, მერიის მოთხოვნის თანახმად მარათონის გამართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ „თბილისიმარათონი 2017“-ი ადგილმდებარეობას შეიცვლის და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავა. ხოლო მეორე მოთხოვნის მიხედვით, თუ მარათონი თბილისის ცენტრალურ უბნებში გაიმართება მისი დაწყების დრო უნდა შეიცვალოს.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ ამ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, მერია კონსულტაციების გაგრძელებას მარათონის ორგანიზატორებთან ერთად აპირებს და აღნიშნული პირობების მიხედვით მხარდაჭერას უცხადებს.

„თბილისი ჰაიდელბერგ მარათონს მერია ყოველთვის მხარს უჭერდა. ჩვენ დღესაც ვრჩებით მის მხარდამჭერად, რადგან ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდაში აქტიურად ვართ ჩართულები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ ღონისძიების რამდენიმე დელიკატურ საკითხს ვუსვამთ ხაზს.

კერძოდ, ვგულისხმობთ იმას, რომ აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის ცენტრალური უბნები რამდენიმე საათით უნდა გადაიკეტოს, ეს იმ ფონზე, როდესაც დედაქალაქში აქტიური სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს გამოიწვევს ქალაქის პარალიზებას. გამომდინარე აქედან, ჩვენი წინადადება ორგანიზატორ მხარესთან იყო შემდეგი, რომ შეგვეცვალა არსებული ლოკაცია თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიით, რაც მსგავსი ღონისძიებისთვის ხელსაყრელია.

ხოლო მეორე საკითხი დროსთან დაკავშირებული ცვლილებები იყო. მარათონი არსებულ დროზე ადრე უნდა დაწყებულიყო და მისი დასრულება მცირე დროში მომხდარიყო.

ჩვენ კონსულტაციების გაგრძელებას მარათონის ორგანიზატორებთან ერთად ვაპირებთ და ამ ორი პირობის მიხედვით მხარდაჭერას ვუცხადებთ“, - განმარტა ლექვინაძემ.

მერის მოადგილის განცხადებას გამოეხმაურა „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ გენერალური დირექტორი მიხაელ ჰამპელი. როგორც ჰამპელი აღნიშნავს,  ამ დროისთვის არსებული მოთხოვნები კომპანიისთვის მიუღებელია.

„ძალიან ვწუხვარ, რომ მარათონის 5-წლიანი ისტორია, რიგით მეექვსე მარათონის ჩატარებამდე 1 კვირით ადრე შეწყდება. მე ნამდვილად არ მესმის, თუ რა მოხდა, თუმცა დაახლოებით 10 დღის წინ მერიაში განგვიცხადეს, რომ მარათონი დაგეგმილ დროს, კვირას, დილის 10 საათზე ვერ ჩატარდებოდა. მათი შემოთავაზებით, ჩვენ უნდა შეგვეცვალა მარათონის დაწყების თარიღი, ხოლო დღეს მივიღე შოკისმომგვრელი ალტერნატიული შემოთავაზება, რომ მარათონი დილის 7 საათზე ჩავატაროთ.

ეს გულისხმობს იმას, რომ მონაწილეები დილის 5 საათიდან უნდა შევიკრიბოთ. ძალიან ვწუხვარ იმ 600 უცხოელზე, რომლებიც სიხარულით აპირებდნენ თბილისში ჩამოსვლას. ისინი ნამდვილად არ იქნებიან აღფრთოვანებულები მიღებული ინფორმაციით და სავარაუდოდ, თბილისში აღარ ჩამოვლენ“, - აღნიშნა ჰამპელმა. „თბილისიმარათონი“ არის ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით 2012 წლიდან იმართება. ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქის ტურისტულ განვითარებას ემსახურება.

„ჰაიდელბერგცემენტის“ სოციალური პროექტი „თბილისიმარათონი“ ყოველწლიურად სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენდა, მონაწილეთა შორის იყვნენ უცხოელი სტუმრები 60-ზე მეტი ქვეყნიდან, დიპლომატიური კორპუსი, ასევე სამთავრობო და ბიზნეს სექტორი.

ორგანიზატორები წლევანდელ „თბილისიმარათონზე“, საზოგადოების დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, 2500-ზე მეტ მონაწილეს ელოდნენ.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.