ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისის ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრთნაკადების შესწავლა იწყება
26 აპრილი, 2018

კომპანია “სპექტრუმი“ თბილისის ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში შესწავლის მიზნით, მოქალაქეების გამოკითხავენ. კომპანიის ინტერვიუერები, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გამოკითხვას 26 აპრილიდან 15 ივნისამდე ჩაატარებენ.

მგზავრთნაკადების შესწავლის შედეგად განისაზღრება დღის განმავლობაში მოქალაქეთა ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების მარშრუტები, მანძილები, ინტენსივობა და მოთხოვნები. ინფორმაციის ანალიზის შედეგად შემუშავდება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული მარშრუტები.

თბილისის მერიის ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თითოეული მარშრუტი რუკების, მარშრუტზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობების, გაჩერებების განრიგების, გადაჯდომის არეალების, ფეხით სავალი მანძილებისა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების გათვალისწინებით დამუშავდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის რესტრუქტურიზაციის გეგმის შედგენაზე ფრანგული კვლევითი ორგანიზაცია „სისტრა“ და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანია „სპექტრუმი“ იმუშავებენ.

კვლევას და მასზე დაფუძნებულ გეგმას კომპანია „სისტრა“ მიმდინარე წლის აპრილის თვეში თბილისის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში მოამზადებს. კვლევა მოკლე, საშუალო და გრძელვადიან (2030 წლამდე) პერიოდში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებს მოიცავს. გარდა ამისა, თბილისის მერია ფრანგული კომპანიისგან მიიღებს სპეციალიზებულ პროგრამას, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო ქსელის შედგენისას გამოიყენება.

კვლევა 15 თვეში უნდა დასრულდეს. პროექტის საერთო ღირებულება 790 ათას ევროს შეადგენს, საიდანაც 490 ათასი EBRD-ის გრანტია, ხოლო 300 ათასი - მერიის დაფინანსება.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.