თბილისის ცირკის შენობა იყიდება. აგენტი Colliers International Georgia-ა. როგორც კომპანიის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, შენობა არის ისტორიული ნაგებობის მრავალფუნქციური განვითარების პოტენციით.
„იყიდება თბილისის ცირკის ისტორიული შენობა, რომელიც ცნობილი საბჭოთა არქიტექტორის, ნიკოლაი ნაპრინცევის მიერ 1939 წელს აშენდა. ნეოკლასიკური, მრგვალი ფორმის ნაგებობა 5 სართულს მოიცავს, საერთო ფართით 4,750 კვ.მ. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონება შედგება 800კვ.მ ფართობის ადმინისტრაციული ერთეულისგან. აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ქონება შესაბამისია მრავალფუნქციური განვითარებისთვის მათ შორის ოფისის, სასტუმროს, საკონცერტო დარბაზის და სხვა დანიშნულების ადგილების მშენებლობისთვის. აქტივზე არსებობს ბიზნეს გეგმა, რომლის გაცემაც შესაძლებელია მოთხოვნის შესაბამისად.
21,014კვ.მ ფართობის აღნიშნული უძრავი ქონებიდან გმირთა მოედანზე, ქალაქის მთავარ სატრანსპორტო თავშეყრის ადგილზე იშლება ხედი. თბილისის სამი ყველაზე აქტიური და პოპულარული უბანი: ვაკე, ვერა(მთაწმინდა) და საბურთალო სწორედ ამ ადგილას ხვდება ერთმანეთს. შენობას აქვს თვალისმომჭრელი პანორამული, ხედი თბილისის მთავარ ღირსშესანიშნაობებზე: ქალაის ისტორიულ ნაწილზე, მთაწმინდაზე და მტკვარზე“, აღნიშნულია Colliers International Georgia-ს განცხადებაში.
რაც შეეხება უძრავი ქონების ფასს, ეს განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის.
დამატებით დეტალებზე „კომერსანტი“ Colliers International Georgia-ს დაუკავშირდა, თუმცა კომპანიაში ფასზე საუბრისგან თავი შეიკავეს.
თბილისის ცირკი დღეს კერძო სამართლის იურიდიული პირია. ქართველი ბიზნესმენის და მეცენატის ბადრი პატარკაციშვილის მხარდაჭერით 2003 წელს განხორციელდა შენობის სრული კაპიტალური შეკეთება, 2007 წელს შენობა დალუქეს და მისი ხელახლა გახსნა მხოლოდ 2011 წელს მოხდა.
პატარკაციშვილების ოჯახის მერ თბილისის ცირკის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია ადრეც გავრცელდა. თუმცა მაშინ გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახმა ეს არ დაადასტურა.
„კომერსანტი“