პროექტის “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში მოქალაქე კახა კალაძეს მზიურში სათავგადასავლო მოედნის გაკეთებას სთავაზობს. კერძოდ, როგორც პროექტის აღწერაში მოქალაქე წერს, მზიურში არსებული საბავშვო სათამაშო მოედანი თავისუფალ სათამაშო მოედნად გარდაიქმნეს, სადაც გაკეთდება საცოცი ბადეები, ბაგირები, ჰამაკები, ქვიშის მოედანი და სხვა აქტიური და ინტერაქტიული გასართობები.
“მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულია ტენდერი ამ ტერიტორიაზე თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის მშენებლობაზე. მოთხოვნილი მოცულობის შენობა სრულად აითვისებს და დაჩრდილავს პარკის საჯარო, ღია სივრცეს და დაუკარგავს მას სათამაშო მოედნის ფუნქციას, რომელიც ამჟამად აქტიურად გამოიყენება. ჩვენი შემოთავაზებაა, ახალი მშენებლობის ნაცვლად, შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს არსებული სივრცითი სტრუქტურა და მიმდებარე გახსნილი სივრცე, რადგან ის პარკის ვიზიტორების ძირითად საორიენტაციო პუნქტსა და მნიშვნელოვან თავშეყრის წერტილის წარმოადგენს – სწორედ აქ ხდება სხვადასხვა მიმართულებით მიმავალი გზების გადაკვეთა (სასმელი წყლის ონკანიც ამიტომაა აქ განთავსებული)”, – წერია პროექტის აღწერაში.
იდეის ავტორის თქმით, ათავგადასავლო სათამაშო მოედნები ბოლო ათწლეულებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში და კვლევებში ხშირადაა ხაზგასმული მათი დადებითი გავლენა ბავშვების განვითარებაზე.

პროექტისთვის მოქალაქეებს ხმის მიცემა 2 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.
პროექტ “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში ერთ-ერთი იდეა უკვე განხორციელდა. კერძოდ, დეკემბერში თბილისის რამდენიმე ადგილზე მიუსაფარი ძაღლებისთვის კვების აპარატები დაიდგა.
წყარო: იმედინიუსი