თბილისის სასტუმროებში Radisson Blu Iveria და Biltmore-ი ყველაზე ძვირია, – ამის შესახებ ინფორმაციას Galt&Taggart-ი Booking.com-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

იქვე მითითებულია, რომ სხვა ქალაქებთან შედარებით მაღალი ფასების მიუხედავად, თბილისის მაღალი კლასის საერთაშორისო სასტუმროებში ოთახების უმეტესობა ზაფხულის თვეების განმავლობაში დაჯავშნილია.
Radisson Blu Iveria-სა და Biltmore-ში ფასები საშუალოდ 637 ლარიდან 775 ლარამდე მერყეობს ივლისისა და აგვისტოში, მაშინ როცა Hualing Hotels & Preference და Tbilisi Marriott-ის ფასები 479-574 ლარია.
აღსანიშნავია, რომ სასტუმრო „ამბასადორი“, ადგილობრივი 5-ვარსკვლავიანი ბრენდი, ერთ-ერთ ყველაზე ძვირ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს (624-773 ლარი ივლისი-აგვისტოს განმავლობაში).
Galt&Taggart-მა ასევე მიმოიხილა საშუალო კლასის საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების სეგმენტში არსებული ფასები, რომელიც 271 ლარიდან 501 ლარამდე მერყეობს. ყველაზე მაღალი ფასები ამ სეგმენტში Holiday Inn და Courtyard Marriott აქვს.
საერთაშორისო სასტუმროების ფასები თბილისში შესამჩნევად მაღალია სხვა ქალაქებში იგივე ბრენდის შესადარი სასტუმროების ფასებზე. მაგალითად, Radisson Blu-ს საშუალო დღიური ფასი თბილისში ივლისში 67.6%-ით, აგვისტოში 79.1%-ით აღემატება აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების სხვა ქალაქებში შესადარი მაჩვენებლების მქონე Radisson Blu-ს სასტუმროების ფასებს.
“ფასებში ასეთი განსხვავებები მიუთითებს თბილისში ბრენდული სასტუმროების ნაკლებობაზე, თუმცა ეს გარემოება ჩვენი აზრით დროებითია. დაგეგმილი პროექტების გრძელი სიაა თბილისში, მათი ეტაპობრივად დასრულება და ბაზარზე მიწოდების გაზრდა კი ზეწოლას მოახდენს ფასებზე და შესადარი ქალაქების მაჩვენებლებთან დაახლოვებს მათ”, – აღნიშნულია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.
www.bpi.ge