თბილისის ზღვის განვითარების პროექტი, რომლის შემუშავებაც მერიას $207 ათასი დაუჯდა, შესაძლოა შეიცვალოს.
2 წლის წინ დავით ნარმანიას მერობის პერიოდში PWC-ის მიერ მომაზდებული დოკუმენტი თბილისის საინვესტიციო პორტფელში ამ ეტაპზე აღარ არის.
როგორც bm.ge-ის თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ბასილაიამ განუცხადა, პროექტი თბილისის გენერალური გეგმის დამტკიცების გამო შეფერხდა. ამასთან, ის წარმოადგენს ზოგად ხედვებს და არა – კონკრეტულ პროექტებს.
“ის პროექტი იყო უფრო ხედვა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს არეალი. თუ ავიღებთ თბილისის ზღვის არეალს, აქ ბევრი კერძო მიწაა. თვითონ კერძო სექტორზე იქნება დამოკიდებული, როგორ ისურვებენ ისინი ამ სივრცის განვითარებას. დაახლოებით, 3 ათასამდე მიწის ნაკვეთია კერძო საკუთრებაში. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე, ვიფიქრებთ, რა მიმართულების განვითარება სჯობს. ვფიქრობთ, რომ ამ მიწებს უნდა ჰქონდეს სარეკრეაციო ფუნქცია”, – აცხადებს ანდრია ბასილაია.
მისივე თქმით, პროექტში ცვლილებები გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგაა მოსალოდნელი.
“ველოდებით ამ პროცესის (გენ.გეგმის დამტკიცებას საკრებულოს მიერ) დასრულებას, რადგან ეს არის ის დოკუმენტი, რომელმაც უნდა გვიკარნახოს, რა მიმართულებით განვითარდება ეს არეალი. ამასთან, ჩვენ აქ ჩავატარეთ კვლევა სანიტარულ ზონებთან დაკავშირებით, რადგან თბილისის ზღვა არის აქტიური წყალსაცავი და მას ახლავს გარკვეული შეზღუდვები სიმაღლესთან დაკავშირებით”, – აცხადებს ანდრია ბასილაია.
დედაქალაქის მთავრობამ „თბილისის ხელოვნური წყალსაცავის“ გარე ტერიტორიის ტურისტულ, დასასვენებელ და სავაჭრო ცენტრად გადაქცევის კონკრეტული გეგმა 2017 წლის ივლისში წარადგინა. თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის განვითარების კონცეპტუალური გეგმა მერიის დაკვეთით მსოფლიოში ცნობილმა საკონსულტაციო კომპანია PwC-მა მოამზადა. პროექტის მიხედვით, ადგილზე შესაძლებელი იყო 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელება.
კვლევის ავტორები ქალაქის მთავრობას თბილისის ზღვის ტერიტორიის რეკრეაციულ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, დასასვენებელი ზონებითა და კომერციული ფუნქციებით დატვირთვას ურჩევდნენ. PwC-ის ანალიზით, თბილისის ზღვას აქვს პოტენციალი, 262 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიცია მოიზიდოს. აქედან, კერძო სექტორის წილმა საინვესტიციო პროექტებში შეიძლება 158.79 მილიონი ევრო შეადგინოს, სახელმწიფოს მხრიდან ინვესტიციად კი, 4.69 მილიონი ევრო მოიაზრება.