თავისუფლების მოედანზე მდებარე “გალერია თბილისში” H&M-ის მაღაზია გაიხსნა. გაიმართა გახსნის დახურული ღონისძიება, რომელსაც მხოლოდ მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მაღაზია ოფიციალურად 18 ნოემბერს 12 საათზე გაიხსნება.
შეგახსენებთ, საქართველოში H&M მაღაზიის გახსნის შესახებ „კომერსანტისთვის ექსკლუზიურად გასული წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. მაშინ კომპანიის კომუნიკაციების მენეჯერმა ელნაზ ბარარმა „კომერსანტისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ პირველი მაღაზია 2017 წლის განმავლობაში გაიხსნებოდა.
H&M (Hennes & Mauritz AB) შვედური ტანსაცმლის კომპანია, რომელიც ცნობილია თავისი არაძვირადღირებული მოდური ტანსაცმლით. კომპანია 1947 წელს შვედეთში დაარსდა. თავიდან ის მხოლოდ ქალის ტანსაცმელს ყიდდა და Hennes ერქვა, რაც შვედურად ქალის-ას ნიშნავს. 1968 წლიდან კომპანია კაცების ტანსაცმელსაც ყიდის. დღეს, H&M-ს მსოფლიოს 29 ქვეყანაში 1300-ზე მეტი მაღაზია აქვს.
რაც შეეხება „გალერია თბილისს, ის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ტურიზმისა და უძრავის ქონების მიმართულებით ერთ-ერთი მიმდინარე საინვესტიციო პროექტია, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ დოლარია. გალერია თბილისის ჯამური სავაჭრო ფართი 22,000 მ²-ს შეადგენს. ობიექტის მოსაწყობად თბილისის ძველი უნივერმაღის შენობაში სამშენებლო სამუშაოები გასული წლის ზაფხულში დაიწყო.
კომერსანტი