თბილისში, ცენტრალური ფოსტის ყოფილ შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Telegraph-ის მშენებლობა 2022 წელს დაიწყება
თბილისში, ცენტრალური ფოსტის ყოფილ შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Telegraph-ის მშენებლობა სავარაუდოდ, ერთ წელიწადში დაიწყება და 2023 წელს გაიხსნება. ამის შესახებ „კომერსანტს“ „სილ ქროუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების განვითარების დირექტორმა გიორგი მარრიმ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, პროექტი წლების წინ დაანონსდა, თუმცა, ამ დრომდე ინვესტიციების მოზიდვის პროცესი მიმდინარეობდა, გარდა ამისა პანდემიამ საპროექტო სამუშაოები რამდენიმე თვით დააპაუზა. გიორგი მარრის განცხადებით, „სილქ როუდ ჯგუფმა“ შენობის მოსაწყობად 15 მილიონი ევრო IFU დანიური საინვესტიციო ფონდიდან (Danish SDG Investment Fund) მოიზიდა, პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება კი დაახლოებით 50 მილიონ აშშ დოლარამდეა. დარჩენილი თანხის მოზიდვას „სილქ როუდ ჯგუფი“ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბანკებიდან თუ საფინანსო ინსტიტუტებიდან შეეცდება.
„ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ძალაშია დასრულების თარიღი, რომელსაც წინა წელს ვაანონსებდით — 2023 წლის შემოდგომა, რაც შეეხება უშუალოდ მშენებლობის დაწყებას დაახლოებით ერთი წლის თავზე ვგეგმავთ, სავარაუდოდ 2022 წლის გაზაფხულზე. პანდემიის გამო, საპროექტო სამუშაოები ცოტა ხნის განმავლობაში შეფერხდა, თუმცა ახლა ისევ გრძელდება.
ამ პროექტში დანიური საინვესტიციო ფონდის კაპიტალი 15 მილიონია, საპროექტო სამუშაოებს ჩვენი ძალებით ვახორციელებთ და პარალელურად ბანკებთან მიმდინარეობს საუბარი სრული დაფინანსების თემაზე“, — განმარტავს გიორგი მარრი.
აღსანიშნავია, რომ 220-ნომრიანი სასტუმრო 350 სამუშაო ადგილს შექმნის. პროექტის საბოლოო ვარიანტი ითვალისწინებს პირველ სართულზე საკვები ობიექტების, ხოლო სახურავზე კი ტერასის მოწყობას. ასევე საკმაოდ მოცულობითი შიდა ეზოს რეკონსტრუქციას საკონფერენციო და საბანკეტო ობიექტების განსათავსებლად. რეკონსტრუქცია ჩატარდება „მწვანე არქიტექტურის“ ეკოლოგიური ოქროს სტანდარტის (LEED Gold standard) დაცვით. აღსანიშნავია, რომ ტელეგრაფის შენობა იქნება პირველი კავკასიის რეგიონში, რომელიც რეკონსტრუქციას აღნიშნული სტანდარტით განახორციელებს.
შენობა მდებარეობს თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე და წარმოადგენს „სილქ როუდ ჯგუფის“ სხვა უძრავი ქონების ობიექტების კომპლექსის შემადგენელ ნაწილს. ჯგუფის კუთვნილი რადისონის სასტუმროსთან ახლო მდებარეობა საშუალებას იძლევა ეს პროექტი მოექცეს მოედნის საერთო სარეკონსტრუქციო გეგმის ფარგლებში.
შეგახსენებთ, „სილქ როუდ ჯგუფი“ ფოსტის ყოფილ შემობაში თავდაპირველად Park Inn-ის ბრენდის სასტუმროს გახსნას გეგმავდა. თუმცა მოგვიანებით ბრენდი შეიცვალა და Radisson Hotels Group-ის მმართველობაში იქნება.
ნინო თამაზაშვილი
commersant.ge