თბილისში ისტორიულ შენობებზე ხელნაკეთი კერამიკული აბრები განთავსდა. აბრები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, საგანგებოდ მომზადდა.
აბრები ინგოროყვას N1 და N8-ში, 9 აპრილის ქუჩის N3/5-სა და ალექსანდრე პუშკინის N3 -ში არსებულ ისტორიულ შენობებზე განთავსდა. საინფორმაციო აბრები ძველ თბილისში იმ სახლებზე განთავსდა, რომლებიც საკუთარი ისტორიით საქართველოს პირველ რესპუბლიკასთანაა დაკავშირებული. ეს ის ისტორიული შენობებია, სადაც 1918-1921 წლებში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაწესებულებები იყო განთავსებული, ან მათში იმ პერიოდის თვალსაჩინო სახელმწიფო, საზოგადო თუ კულტურის მოღვაწეები ცხოვრობდნენ, ან მოღვაწეობდნენ.
„ეს არის ქართული თიხისგან დამზადებული კერამიკული ფილები, რომელიც ვფიქრობ, მიმზიდველი იქნება, ტურისტებისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს არის საპილოტე პროექტი, რომლის პირველ ეტაპზე, აბრა ოთხ შენობაზე განთავსდა. შემდეგ ეტაპზე კი, ისტორიულ უბნებში, ყველა პირველ ნომერზე იქნება აბრეშუმის გზის სიმბოლიკებით აღნიშნული ისტორიული აბრა, სადაც ქუჩის პირველად სახელთან ერთად, მისი ისტორია იქნება მოთხრობილი“, - განაცხადა მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ.
აბრებზე დატანილი ინფორმაცია კონკრეტული შენობის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს ასახავს და ის ხანგრძლივი სამეცნიერო, საარქივო თუ სხვა კვლევების შედეგად, შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის გზით არის შექმნილი.
ახალი ტექნოლოგიით დამზადებული დეკორატიული აბრები თანამედროვეობისა და ისტორიის ერთგვარი სინთეზია, რომელიც სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, მათ შორის, ისტორიკოსებისა და ხელოვანების წარმატებული თანამშრომლობის შესანიშნავი ნიმუშია.
მომავალში, მსგავსი აბრებით ისტორიული ქუჩების ყველა პირველი ნომრის აღნიშვნა იგეგმება, რომლის იდეაც „თბილისის ჰამქრის“ წარმომადგენელს, ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილს გაუჩნდა, პროექტი თბილისის მერიის ხელშეწყობით სახელოსნომ - CERRAMIC ROOM განახორციელა, რომელიც ნინო დანელიამ და ქეთევან ჭიჭივეიშვილმა, სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ დააფუძნეს.
www.travelingeorgia.ge