ოქროყანაში, თბილისის ქუჩაზე, სამისამართე აბრების განთავსება მიმდინარეობს. ოქროყანაში სამისამართე აბრის გარეშე 30-მდე ქუჩა, ჩიხი და შესახვევი იყო. სამისამართე აბრები ოქროყანაში არსებულ ყველა ქუჩაზე დამონტაჟდება.
თბილისის მერის თქმით, ქუჩების დამისამართება მთელი ქალაქის მასშტაბით დაიწყო.
„პირველ ეტაპზე, განხორციელდება შემოერთებული ტერიტორიების დამისამართება. ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ზოგადად, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან სასწრაფოს, სახანძროს, პატრულის გამოძახების შემთხვევაში, კონკრეტულ ლოკაციაზე დროულად მისვლა რთულდება. ცუდია, როდესაც განვითარებულ ქალაქებში სამისამართე აბრები არ არის და ნებისმიერ გამვლელ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, გაიგოს, ზუსტად სად, რომელ ქუჩაზე იმყოფება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
სახელწოდებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების განთავსებას დედაქალაქის მასშტაბით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
აბრების მოსაწყობად, ბიუჯეტიდან 500 000 ლარია გამოყოფილი.