ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი-„2024 წელს ვემზადებით მნიშვნელოვანი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ეს იქნება სათხილამურო მსოფლიო თასები და ტურიზმის მსოფლიო დღის მასპინძლობა“
17 ნოემბერი, 2023

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. კერძო სექტორთან გამართულ შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, ასოციაციების წარმომადგენლები და გიდები ტურიზმის მიმართულებით განხორციელებულ  პროექტებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ.

„ვაგრძელებთ ტურიზმის ინდუსტრიასთან შეხვედრებს, გვქონდა მორიგი ნაყოფიერი შეხვედრა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, მათ გავაცანით ის წარმატებული შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს პირველი 3 კვარტლის მონაცემებით ტურიზმის და ავიაციის ინდუსტრიაში. ასევე გავაცანით ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს საქართველოს მასშტაბით, იმისთვის რომ ხელი შეუწყოს ტურიზმის და ტრანსპორტის მიმართულების გაძლიერებას, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კურორტული ზონების განვითარებაზე, სამთო-სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე“,-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით 2024 წელს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაიმართება.

„ჩვენ ვემზადებით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობისთვის, ეს იქნება სათხილამურო მსოფლიო თასები, თუ ეს იქნება მომდევნო წელს ტურიზმის მსოფლიო დღის მასპინძლობა. კერძო სექტორს ჩვენთან ერთად აქვს ძალიან დადებითი მოლოდინები ამ პროექტებთან მიმართებაში. ჩვენ დავგეგმეთ საერთო ღონისძიებები და აქტივობები, რაც დარწმუნებული ვარ საერთო ძალისხმევით უზრუნველყოფს იმას რომ, ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია კვლავ განაგრძობს იყოს ერთ-ერთი სწრაფად მზარდი  მსოფლიოში, შემოვიტანთ საერთო ძალისხმევით უფრო მეტ დანახარჯს ტურიზმის ინდუსტრიიდან ქვეყნის ეკონომიკაში და დარწმუნებულები ვართ კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით ქვეყანაში შეიქმნება კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი,  რომელიც რა თქმა უნდა დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერებაზე“,-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლები 3 კვარტლის მიხედვით საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს,  საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, შიდა და საერთაშორისო მოგზაურთა მახასიათებლებსა და დანახარჯების სტრუქტურას, ასევე 2024 წელს მასშტაბური ღონისძიებების კალენდარს გაეცნენ.

2024 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ კამპანიას იწყებს ღვინისა და ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციისათვის.  იგეგმება ინფლუენსერების აქტივაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც სოციალური ქსელებით ინფლუენსერები გააზიარებენ თავიანთ გამოცდილებას საქართველოს შესახებ.

„საკმაოდ საინტერესო საკითხები იყო განხილული, განსაკუთრებით ინდოეთის ტურისტულ ბაზართან მიმართებაში, რომელიც სამომავლოდ იქნება ერთ-ერთი მიმზიდველი დიდი ბაზარი. ჩვენი სასტუმროები თანამშრომლობენ ამ ბაზართან.  ვფიქრობ მომავალი წელი უფრო შედეგიანი იქნება. ეს შეხვედრა მოგვცემს იმის საშუალებას რომ უფრო მეტი დაინტერესებული პირი, ორგანიზაცია თუ პოტენციური მყიდველი ჩამოვიდეს, გაეცნოს საქართველოს და ხელი შეუწყოს ჩვენი ეკონომიკისა და  ტურიზმის განვითარებას. ასეთი შეხვედრები ძალიან სასარგებლოა როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, რადგან ინფორმაციის გაცვლა, გამოცდილების გაზიარება ჩვენი წარმატების  საწინდარი იქნება“,-განაცხადა სასტუმრო თბილისი მარიოტის, ქორთიარდისა და მოქსის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე კვარაცხელიამ.

„ვისაუბრეთ ყველა იმ საჭირო საკითხებზე, რაც კერძო სექტორს აინტერესებს, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის სიკეთეები, რომელიც შეიძლება ასოცირების შეთანხმებამ ტურიზმის ნაწილში მოგვიტანოს. ამომწურავად მივიღეთ პასუხები თუ რა გეგმები გვაქვს მომავალი წლისთვის. ძალიან კარგი იყო იმის მოსმენა, რომ ევროპა და ევროპელი ტურისტი რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, იმიტომ რომ ეს არის ტურისტი, რომელიც ზრდის ქართულ ბიზნესს. შეხვედრაზე ბევრი საუბარი იყო ახალი ბაზრებისა და ახალი პირდაპირი ფრენების შესახებ, რაც ძალიან საინტერესოა, რომ ქვეყანამ მიიღოს ბევრი ტურისტი, მაღალმხარჯველიანი ტურისტი“,-აცხადებს რუმს ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია.

მომავალ წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 21 ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას,  მოაწყობს ციფრულ მარკეტინგულ კამპანიებს, უმასპინძლებს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებსა და ბლოგერებს, გაიმართება გაცნობითი ტურები საერთაშორისო ტურისტული კომპანიებისთვის. საქმიანი ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართება 10 ღონისძიება, მათ შორის საქართველოში ჩატარდება მასშტაბური ფორუმი M&I თბილისში.  საქართველო 2024 წელს იქნება მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანა.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.