Covid-19 გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, აქტიურად გრძელდება ეკოტურიზმის განვითარება, - ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს.
როგორც სააგენტოში ამბობენ, 2021 წელს შეუჩერებლად მიმდინარეობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეკორდული მოცულობის საინვესტიციო პროექტების განხორციელება, რომელთა ღირებულება 89 მილიონ ლარზე მეტია. მათ შორის, წალკის (ყოფილი დაშბაშის) კანიონზე, რომელიც საქართველოში პირველი კერძო საერთაშორისო ინვესტიციაა. პირველი ეკოტურისტული ბილიკის მოწყობა მიმდინარეობს აჯამეთის აღკვეთილში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს მიიღებს ვიზიტორებს. ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში, შატილში, მიმდინარეობს 4 მილიონ ლარამდე ღირებულების საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა.
2021 წლისთვის, დაგეგმილია ახალი ეკოტურისტული ობიექტის მოწყობა - ოქროჯანაშვილის მღვიმის განვითარება. იგეგმება ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა და საკონსერვაციო ღონისძიებების განხორციელება.
თბილისის ეროვნულ პარკში იგეგმება ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრები, მოხდება 300 კმ-მდე ბილიკების პროექტირება.
“ყოველივე ეს თბილისის ეროვნულ პარკს კიდევ უფრო პოპულარულს და მიმზიდველს გახდის“,- აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველოში მოლაშქრეებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბილიკზე, რომელიც აკავშირებს თუშეთის, ფშავ-ხევსურეთისა და ყაზბეგის ეროვნულ პარკებს, იგეგმება 350 კმ-მდე საცხენოსნო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები, რომელიც შთამბეჭდავი მოგზაურობისა და უნიკალური ბუნების გაცნობის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იქნება.
სათაფლიაში, რომელიც ასევე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, იგეგმება თანამედროვე, ეკომეგობრული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი განათების სისტემის დამონტაჟება.
“აღსანიშნავია, რომ ახალი განათების სისტემა ზიანს არ აყენებს მღვიმეს და ხელუხლებელ მდგომარეობაში მოხდება მისი შენარჩუნება, გარდა ამისა, მოგზაურობას კიდევ უფრო სანახაობრივს გახდის.
აღნიშნული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, პანდემიის დასრულების შემდეგ, ტურისტული ნაკადების მოზიდვას დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივ მოსახლეობას კი დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს“,- განაცხადეს საქართელოს დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, 2020 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 30-მდე ეკოტურისტული პროექტი განხორციელდა და საერთო ჯამში 7 მლნ-მდე ლარის ინვესტიცია შეადგინა. აღსანიშნავია 200 კმ-მდე საფეხმავლო ეკოტურისტული ბილიკების მოწყობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილსა და აბასთუმნის ტერიტორიაზე, მარტვილსა და ოკაცეზე, სათაფლიაში, აჯამეთის აღკვეთილში, ალგეთის ეროვნულ პარკში, ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე.