ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტისთვის 27 კანდიდატი იბრძოლებს
09 იანვარი, 2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მიმდინარე სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსზე 27 განაცხადი შევიდა, მაგრამ აპლიკანტების ვინაობა არ სახელდება.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა.

ქობულიას უწყების ცნობით, ამჟამად საკონკურსო განაცხადების ანალიზის პროცესი მიმდინარეობს.

სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შესარჩევ გამარტივებულ კონკურსზე განაცხადების მიღება 2018 წლის 6 იანვარს დასრულდა.

კანდიდატს მოეთხოვება უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ტურიზმის, მენეჯმენტისა ან ეკონომიკის სფეროებში. ასევე ტურიზმის ან/და მომიჯნავე სფეროებში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება.

სავალდებულოა, ასევე მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. კანდიდატი ბრწყინვალედ უნდა ფლობდეს ინგლისურ და რუსულ ენებს. კანდიდატმა სამოტივაციო წერილში უნდა გადმოსცეს რა იქნება მისი როლი ტურიზმის სფეროს განვითარების საქმეში.

„მას შემდეგ რაც, აპლიკაციების გადარჩევა დასრულდება, გასაუბრება კანონით დადგენილ ვადებში ჩაინიშნება“, – განაცხადეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ჩოგოვაძე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელად გადაიყვანეს.

Bm.ge-ის ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას, სავარაუდოდ, მარიამ ქვრივიშვილი დაიკავებს, რომელიც ამჟამად კომპანია “ვოიაჟერის” დირექტორია.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.