ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თუშეთში მოსახლეობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სამშენებლო პროექტის მომზადებაში უსასყიდლოდ დაეხმარება
05 სექტემბერი, 2018

ეროვნული კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე 13 თუშური სოფლის მცხოვრებლებს, რომლებიც ტურისტული ბიზნესის განვითარების მიზნით ახალ მშენებლობებს აწარმოებენ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კონსულტაციებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მხრივ უსასყიდლოდ მოემსახურება.

სააგენტოში იმედოვნებენ, რომ ახალი ინიციატივა მაღალმთიან ზონაში მდებარე საცხოვრებელი სახლების ისტორიული იერსახის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს და ახლადდაწყებული ქაოტური მშენებლობების პროცესს დაარეგულირებს.

ინიციატივა თუშეთის მუდმივმაცხოვრებელ მოქალაქეებს სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გააცნო.

ამავდროულად შეხვედრაზე ისაუბრეს თუშეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. თუშეთის სივრცითი განვითარების პროცესში ჩართული ყველა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის საჯარო დისკუსიამ პასუხი იმ საკითხებს გასცა, რომლებიც თუშური არქიტექტურის კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსურ ძეგლების დაცვითი მექანიზმების ამუშავებას, მათ მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ აქტუალურ პრობლემებს, ადგილობრივად მიმდინარე ქაოტურ მშენებლობებსა და თუშეთის ტურისტულ პოტენციალს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენას მოიცავს. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს თუშეთში მდებარე ათ სოფელსა და ნასოფლარს (ნასოფლარი აგეურთა, ნასოფლარი გირევი, ნასოფლარი დაქიურთა, ციხე-სოფელი ძველი დიკლო, ნასოფლარი ინდურთა, სოფელი კვავლო, სოფელი ფარსმა, ნასოფლარი წარო, ნასოფლარი ჭონთიო, ნასოფლარი ჰეღო) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, მოგვიანებით კი ეროვნული კატეგორიის სტატუსი განესაზღვრა. მანამდე თუშეთში ძეგლის სტატუსი მხოლოდ დართლოს, ზემო ომალოსა და დოჭუს ჰქონდა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.