ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტყით სარგებლობის წესები მკაცრდება
05 თებერვალი, 2018

ქვეყანაში ტყის რესურსის შენარჩუნებისა და ხანძრების პრევენციის მიზნით, მთავრობამ ტყითსარგებლობის მარეგულირებელ დადგენილებებში ცვლილებები დაამტკიცა.

მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ახალი წესები ტყისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას და  ქვეყანაში ტყის მდგრადი განვითარების პროცესს შეუწყობს ხელს, დააზღვევს უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების რისკს და მნიშვნელოვანწილად შეამცირებს ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებს.

უკვე შეტანილი ცვლილებებით, მარტივდება და ხელმისაწვდომი ხდება ტყეში არსებული ნარჩენით სარგებლობა. ტყიდან ხე-ტყის ნარჩენების ათვისება და გამოტანა დასაშვები იქნება მყარი ბიოსაწვავის - ბრიკეტების, პელეტებისა და სხვათა წარმოების მიზნით.

„ეს ხელს შეუწყობს ტყეების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებას, მოაგვარებს ჩახერგილობის პრობლემას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხანძრის პრევენციისთვის.

აღარ მოხდება სოციალური ჭრის ფარგლებში პირველი ხარისხის, ანუ სამასალედ გამოსაყენებელი ხეტყის გაცემა პირდაპირ ტყიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საშეშე რესურსის დამზადებას უზრუნველყოფს ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო. საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის აღნიშნული რესურსი ხელმისაწვდომი იქნება პირდაპირი მიყიდვის გზით“, - მიიჩნევენ მთავრობაში.

ამ ეტაპზე ცვლილებები არ ეხება მოსახლეობის შეშით მომარაგების არსებულ მექანიზმს. პარალელურად, ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობასაც შესთავაზებს მომსახურებას და, კომლზე ყოველწლიურად დადგენილი მოცულობის ფარგლებში, მიაწვდის უკვე დამზადებულ და ტყიდან გამოტანილ საშეშე მერქანს იმ ფასად, რაც რეალურად საჭიროა მერქნის დამზადების, ტყიდან გამოტანისა და ტრანსპორტირებისათვის.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.