ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
უკრაინის საცალო ქსელიდან იმიტირებული ქართული ღვინის პარტია გაყიდვებიდან ამოიღეს
23 იანვარი, 2018

უკრაინაში იმიტირებული ქართული ღვინის პარტია გაყიდვებიდან ამოიღეს, კანონდამრღვევი კომპანია „კამიანკა გლობალ ვაინსი» უკრაინის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა 7 010 000 უკრაინული გრივნით დააჯარიმა.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, სააგენტოში ინფორმაცია, რომ უკრაინული კომპანიები ახდენენ ქართული ღვინის უკანონო იმიტაციას და ქართული დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს უკანონოდ იყენებდნენ 2016 წელს შევიდა.

„უკრაინის ბაზარზე რეალიზაციაში იყო არაქართული წარმოშობის ღვინოები, რომელთა ეტიკეტებზე დატანილი, საქართველოსთან და ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული სიმბოლოები და აღნიშვნები განაპირობებდა მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანას ღვინის წარმოშობის ქვეყანასთან მიმართებით. ამით, უკრაინაში ოპერირებადი კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პირობები ექმნებოდა ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, რაც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალზე“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 

იქვე მითითებულია, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით, სააგენტომ მიმართა უკრაინის ანტიმონოპოლურ კომიტეტს, რომელმაც გამოძიება დაიწყო უკრაინული კომპანია „კამიანკა გლობალ ვაინსის“ (LLC KAMYANKA GLOBAL WINE) წინააღმდეგ. 

კომიტეტმა 2017 წლის ოქტომბერში მოამზადა წინასწარი დასკვნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „კამიანკა გლობალ ვაინსს“, ქართული ღვინის ეტიკეტების იმიტირებით და არასწორი ცნობების გავრცელებით შეცდომაში შეჰყავდა მომხმარებლები და ქმნიდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გარემოს.

„კამიანკა გლობალ ვაინსს“ სამომავლოდაც აეკრძალა ქართულ ღვინის იმიტაციებთან დაკავშირებით მსგავსი ქმედებების განხორციელება.

„უკრაინაში შეიქმნა პირველი პრეცედენტი ანტიმონოპოლური კომიტეტის მიერ საქართველოს საჯარო დაწესებულების სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით. ეს ფაქტორი განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ ბაზარზე, სადაც ქართული ღვინო მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. ღვინის ეროვნული სააგენტო შემდგომშიც გააგრძელებს ქართული ღვინისა და მისი დასახელებების დაცვის მიზნით ეფექტური ღონისძიებების გატარებას საერთაშორისო ბაზარზე“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.