|
„უსახელოური“ - საქართველოს ყველაზე ძვირფასი ღვინო მსოფლიო აღიარების გზაზე
04 დეკემბერი, 2015
სტალინის საიდუმლო პოლიციის ოფიცრები უსახელოურის ღვინის წარმოებულ ოდენობას ითვლიდნენ და თვალყურს ადევნებდნენ, რომ გლეხებს პირადი მოხმარებისათვის ამ ძვირფასი პროდუქტის ერთი წვეთიც კი არ გამოეყენებინათ. გასაკვირი არაა, რომ ამ იშვიათი ღვინის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცოდა, გასინჯული კი უფრო ცოტას ჰქონდა.
აურზაურის მიღმა თბილისის სუპერმარკერტში შესვლისას, საქმიანი მოგზაური თუ ტურისტი იშვიათად თუ გამოტოვებს ღვინის განყოფილებას. როგორც წესი, ეს ნაწილი ნებისმიერი სავაჭრო ცენტრის ყველაზე ხმაურიანი ადგილია, სადაც ყოველთვის რაღაც ხდება. სხვა განყოფილებების მარტოსული და არაფრით გამორჩეული თაროებით გარშემორტყმული ღვინის განყოფილება სარეკლამო აგენტებითაა სავსე. აგენტები, ძირითადად, ფერად ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მომხიბვლელი გოგონები არიან, რომლებიც გესალმებიან და ღვინის უფასო დაგემოვნებას გთავაზობენ. რა თქმა უნდა, ისინი თავისი პროდუქტის პრომოუტერები არიან, თუმცა იმდენად დელიკატურად და მეგობრულად გექცევიან, რომ იჯერებ, რომ მათ უბრალოდ სურთ, შენი ცხოვრება უკეთესი გახდეს. იღბლიან მოგზაურს ღვინის ფრიად გასაოცარ არჩევანს სთავაზობენ. ღვინოს დაუნანებლად, დიდი ზომის ბოკალში ასხამენ (მსოფლიოს ნებისმიერ სხვა კუთხეში რეკლამისთვის გამოყენებული მიკროსკოპული ზომის პლასტმასის ჭიქებისაგან განსხვავებით). ერთი-ორი ყლუპის შემდეგ, მარტივად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ხვდები, რომ იმყოფები ქვეყანაში, რომელშიც ღვინო ნამდვილად განსაკუთრებულ როლს ასრულებს.
ღვინის მსგავს განყოფილებებში რამდენიმე ვიზიტის შემდეგ, რიგითი უცხოელი, შესაძლოა, უკვე იცნობდეს ქინძმარაულის, რქაწითელის, მწვანესა და უამრავი სხვა, ძნელად წარმოსათქმელი, მაგრამ გემრიელი ქართული ღვინის სხვადასხვა ბრენდებს - ყოველგვარი თანხის დახარჯვის გარეშე. თუმცა, არსებობს ერთადერთი ღვინო, რომელსაც უფასოდ არასოდეს შემოგთავაზებენ და ამას თავისი მიზეზი აქვს. ეს „უსახელოურია“ - მუქი წითელი, ნახევრად ტკბილი ღვინო, რომელიც საქართველოში არსებული ყურძნის შთამბეჭდავი 400 სახეობიდან ერთ- ერთი ყველაზე იშვიათი ჯიშისაგან მზადდება. უსახელოურის ღვინო ძვირი და ძნელად საშოვნელია, მას საზღვარგარეთ თითქმის ვერასდროს ნახავთ. იშვიათობისა და მაღალი ფასის გამო, ეს ღვინო თავად ქართველებშიც კი ნაკლებადაა ცნობილი.
ელეგანტურ, ვიწრო და არასტანდარტულ ბოთლებში ჩამოსხმული უსახელოური ღვინის განყოფილების შორეულ თაროზე, დიდებული განცალკევებით არის მოთავსებული, ყოველდღიური ფასდაკლების აქციების აურზაურის მიღმა. რიგითი მყიდველისაგან თავისი ეტიკეტით დაცული, მცოდნე შემფასებელს ელოდება. ღვინის გემოს წერილობითი ფორმით გადმოცემა ფრიად უსარგებლოდ მიმაჩნია. თუ იღბლიანი ხართ და ამას საქართველოში ყოფნისას კითხულობთ, შეგიძლიათ, ფული უსახელოურის ბოთლში დააბანდოთ და თავადვე გასინჯოთ, მეგობრების გარემოცვაში (დიახ, ფასი ქართული ღვინისათვის საკმაოდ მაღალია, თუმცა, რესტორანში კარგი სადილის ფასის შესაბამისია, ანუ მიუწვდომელი არ არის). თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხართ, თუმცა ქართულ ღვინოებს იცნობთ, უბრალოდ გაიხსენეთ საუკეთესო ხვანჭკარა, რომელიც გაგისინჯავთ - არა ზედმეტად ტკბილი - და წარმოიდგინეთ მასზე ბევრად უფრო ცინცხალი, მდიდარი და ელეგანტური გემო. თუ ეს იდეა მოგწონთ, გამოდის, რომ საქართველოს მონახულებისათვის კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი გამოგიჩნდათ.
ღვინო, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხი
რატომაა უსახელოური ასე ნაკლებად ცნობილი? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ისტორიულად, ქართული ღვინის ბრენდები საბჭოთა კავშირის ფართო ბაზარზე მოიხმარებოდა; ღვინის წარმოება მასობრივად ხდებოდა და ხალხისათვის ღვინო კარგად ნაცნობი იყო. შესაბამისად, ქართული ღვინის ისეთი სახელები, როგორიც საფერავი ან მუკუზანია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში დღემდე ცნობილია; ამ ქვეყნებში ღვინის გაყიდვას განსაკუთრებული მარკეტინგული სვლები არ სჭირდება, ამიტომ ეს ქვეყნები დღესაც ქართული ბრენდების უდიდეს იმპორტიორებს წარმოადგენენ. ამის საპირისპიროა უსახელოურის ამბავი. ეს ღვინო ჩვეულებრივ ხალხში არ იყიდებოდა. წარმოებული ღვინო სრულად მიდიოდა კრემლში, მთავრობისა და კომუნისტური პარტიის ლიდერების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
როდესაც ვწერ სიტყვას „სრულად,“ წარმოებული ღვინის 100 პროცენტს ვგულისხმობ; 1930-40-იანი წლებიდან მოყოლებული, უსახელოურის წარმოებას მკაცრად აკონტროლებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ანუ სამთავრობო კონტროლს ამ ძვირფასი სასმელის ერთი წვეთიც კი ვერ გაექცეოდა. უსახელოურის წარმოება ნამდვილად სერიოზული საკითხი იყო, თითმის ეროვნული უსაფრთხოების ტოლფასიც კი.
ამის უნიკალური მტკიცებულება ათეულობით წლის მანძილზე ინახებოდა დათო ჭაკვეტაძის სახლში. მისი ოჯახი უსახელოურს თაობების განმავლობაში ამზადებდა. დათომ, რომელიც დღესდღეობით ამ ღვინის ძალიან ცოტა მწარმოებლიდან ერთ-ერთია, 1944 წლით დათარიღებული დოკუმენტის დედანი მაჩვენა. ეს არის ხელშეკრულება ღვინის მწარმოებელსა (დათოს დიდი ბაბუა) და შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე ოფიცერს შორის. არ გეგონოთ, რომ ეს ჯორჯ ორუელის, ან, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩემი სეხნიის, ფრანც კაფკას ნაწარმოების ამონარიდია, თუმცაღა ეს სიტუაცია ორივე მწერლისათვის საკმარისად აბსურდულია. ხელშეკრულება ღვინის მწარმოებლის მიერ დამზადებული „უსახელოურის ჯიშის მაღალი ხარისხის ღვინის“ მიწოდებას არეგულირებს. ღვინო უნდა „შეინახოს და გაიგზავნოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში...ამხანაგ ლ. ბერიას ბრძანების შესაბამისად.“ ლავრენტი ბერია (1899-1953) იოსებ სტალინის უახლოესი დამხმარე იყო: იგი საბჭოთა კავშირის უშიშროებისა და საიდუმლო სამსახურის განთქმული ხელმძღვანელი იყო. საიდუმლო პოლიციის ოფიცრები მართლაც ითვლიდნენ თითოეული გლეხის მიერ წარმოებული უსახელოურის ოდენობას და თვალყურს ადევნებდნენ, რომ მათ პირადი მოხმარებისთვის ან ბაზარზე გაყიდვისათვის პროდუქტის ერთი წვეთიც კი არ გამოეყენებინათ. ბერიას ბრძანების დაუმორჩილებლობა წარმოუდგენელი იყო - ეს იყო ადამიანი, რომელიც სტალინის ეპოქაში მასობრივ დაკავებებს, მკვლელობებსა და პატიმართა ბანაკებს მართავდა. ამიტომ, ნაკლებად გასაკვირია, რომ ამ იშვიათი ღვინის შესახებ თითქმის არავინ იცოდა, გასინჯული კი უფრო ცოტას თუ ჰქონდა.
დინამიტი სამოთხის ბაღში
უსახელოური აქამდე არც მე მქონდა გასინჯული, მიუხედავად იმისა, რომ ღვინის საინფორმაციო რესურსისა და კატალოგის, “Hvino.com-ის“ გამომცემლის ამპლუაში, ღვინის ბევრ ქართულ და საერთაშორისო ღონისძიებას დავსწრებივარ. ამიტომ სიხარულით მივიღე დათოს მიწვევა ამოუცნობი უსახელოურის სამშობლოში, რათა გამესინჯა ეს ღვინო სწორედ იქ, სადაც მზადდება.
უსახელოური იშვიათი მხოლოდ იმის გამო არ არის, რომ მის წარმოებას საიდუმლო პოლიცია აკონტროლებდა. ღვინის ამ ჯიშის პროდუქტიულობა საკმაოდ დაბალია, რაც მწარმოებლებს სხვა, უფრო მეტი სარგებლიანობის სახეობების გამოყენებისაკენ უბიძგებდა. ამის გარდა, უსახელოური terroir-ის მიმართ ძალიან მომთხოვნია. საჭირო ყურძენი მხოლოდ ძალიან სპეციფიკურ ადგილას იწარმოება - კონკრეტულ გეოგრაფიულ ლოკაციაზე, კონკრეტულ სიმაღლეზე, განსაკუთრებულ ნიადაგზე, საჭირო ოდენობის მზის სინათლისა და წვიმის პირობებში. ნებისმიერი ყურძნის მოყვანა დიდ ძალისხმებას მოითხოვს, თუმცა უსახელოური ნამდვილი გამოწვევაა. საუკეთესო უსახელოური საქართველოს დასავლეთ ნაწილში, ლეჩხუმის მაღალმთიან ნაწილში იზრდება. ის შეიძლება სხვა რეგიონებშიც გაიზარდოს, მათ შორის, კახეთში, საქართველოს აღმოსავლეთით მდებარე მთავარ ღვინის მწარმოებელ რეგიონში, თუმცა საუკეთესო ღვინისათვის მხოლოდ ლეჩხუმში მოყვანილი ყურძენი გამოდგება, უფრო ზუსტად კი, მხოლოდ ის ყურძენი, რომელიც ცაგერის რაიონში, ზუბისა და ოყურეშის სოფლებთან ახლოს მდებარე მცირე ზონაში იზრდება ▼Map .
საბჭოთა პერიოდში, ოყურეშში აშენდა ღვინის საწარმო, რომელიც მთავრობისათვის ღვინოს ამზადებდა. ეს ნაგებობა ახლა ბოლომდე დანგრეულია და მისი კვალიც აღარ არსებობს. „ქართულ შვეიცარიად“ წოდებული ამ ადგილის სულისშემკვრელ სილამაზეს ერთი სამრეწველო შენობაც კი არ ჩრდილავს. მდინარე ცხენისწყლის კაპოტს გარს მაღალი და ციცაბო მთები აკრავს, რომლებიც ზაფხულში მწვანე ბალახით იფარება, ზამთარში კი - თოვლით. გასაკვირი არაა, რომ ამ ადგილებში სასოფლო- სამეურნეო მიწა იშვიათია. უსახელოურის დათესვის ერთადერთი გზა სწორედ ეს ციცაბო ტერასებია, რომლებიც ამისათვის უზარმაზარი ქვებისაგან უნდა გაიწმინდოს.
მუქ მწვანე ფერდობებთან კონტრასტული, თოვლივით თეთრი ქვები გლეხებისათვის ნამდვილი წყვევლაა. უსახელოურის ენთუზიასტების ჯგუფმა (მათ შორის, დათო ჭაკვეტაძემ, თეიმურაზ მინაშვილმა, დათო ტურაბელიძემ და სხვებმა) ტერიტორიის გაწმენდა და უმაღლესი ხარისხის ღვინის წარმოების განახლება მოახერხა. მათ საკუთარი ვენახების ახალი ტერასები მაჩვენეს, თან ღიმილით მიხსნიდნენ, როგორ მოუხდათ დიდი ქვების დინამიტით აფეთქება იმისათვის, რომ მანქანებს ადგილის გაწმენდის საშუალება ჰქონოდათ. წარმოდგენაც კი მიჭირს, რამხელა მონდომება და რესურსი დასჭირდებოდა დათოს, წარსულში უბრალო ინჟინერს, ამ ვენახის პროექტისათვის.
“ჩვენ რევოლუციას ვამზადებთ”
მაგრამ მშენებლობის პერიოდი უკვე დასრულდა და დათოც თავის ღვინოს რამდენიმე ბუტიკში ყიდის. ღვინის დამზადების პროცესის ყველა ეტაპს - მათ შორის, ეტიკეტის დიზაინს - თანაბარი ყურადღებით, დიდი სიფრთხილით აკონტროლებს. ანუ, ღვინო მზადდება, ბოთლებში ისხმევა და კარგად იყიდება - რაღა დარჩა? მაგრამ ღვინის მწარმოებელი კმაყოფილებისგან შორსაა.
„როგორია შემდეგი ეტაპი?“ - ვკითხე დათოს და გამიკვირდა, როდესაც მიპასუხა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისი იყო.
„უამრავი შემდეგი ეტაპი არსებობს. ჩვენ რევოლუციას ვამზადებთ.“
უსახელოურის ენთუზიასტებს ძალიან ამბიციური გეგმები აქვთ. პირველ რიგში მათ საკუთარი საწარმოს გახსნა სურთ, რომელიც მხოლოდ უსახელოურის წარმოებაზე იქნებოდა მიმართული. ამჟამად, ღვინის ყველა მწარმოებელი, დათოს ჩათვლით, უსახელოურის წარმოებისა და ჩამოსხმისათვის აღჭურვილობასა და პერსონალს ღვინის დიდი საწარმოებიდან ქირაობს. „შედეგები საკმაოდ კარგია,“ მიხსნის დათო, „მაგრამ თუ პროცესის თითოეულ წამს გავაკონტროლებდით, უფრო უკეთეს ხარისხსაც მივაღწევდით. მე ყოველთვის ვამბობ, რომ არევა ხელით უნდა მოხდეს და მექანიკური არ უნდა გამოიყენებოდეს. მაგრამ ვინ იცის, რა ხდება, როდესაც გვერდით გავიხედავ?ასეთი დეტალების გაკონტროლება მოლოდ მაშინ შემეძლება, როდესაც საკუთარი საწარმომექნება.“
კიდევ ერთი გადაუდებელი ამოცანა მთავრობის რეგულაციებს უკავშირდება. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ამჟამად უსახელოური საქართველოს ღვინოების ადგილწარმოშობის დასახელებების სიაში არ ფიგურირებს. უსახელოურის სახელი დაცულია, თუმცა არა ისე, როგორც ქინძმარაული, ხვანჭკარა, ან სხვა ცნობილი და გაყიდვადი ქართული ღვინოები. უსახელოურის ენთუზიასტები ღვინის მარეგულირებელ ორგანოებთან მუშაობენ, რათა იგივე სტატუსი უსახელოურსაც მიენიჭოს. გიორგი სამანიშვილი, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი მეუბნება, რომ მისი სააგენტო უსახელოურის მწარმოებლებთან შეხვედრას უახლოეს მომავალში გეგმავს. „ლეჩხუმურ უსახელოურს, შესაძლოა, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა მიენიჭოს. ღვინის ადგილობრივმა მწარმოებლებმა უნდა მოამზადონ სპეციალური მახასიათებლები და ამაში მათ ჩვენი სააგენტო დაეხმარება,“ - მეუბნება საქართველოს ღვინის წარმოებაზე პასუხისმგებელი მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელი.
უსახელოური ტრადიციულად ცნობილია, როგორც ნახევრად ტკბილი ღვინო (შეიცავს 10.5- დან 12%-მდე ალკოჰოლს, 3-5% შაქარს და 5-7% ტიტრული მჟავიანობა აქვს). მაგრამ დათო გეგმავს, რომ პირველმა აწარმოოს უსახელოურის ნახევრად მშრალი და მშრალი ვერსიებიც კი. მან მითხრა, რომ ექსპერიმენტები შესანიშნავი შედეგებით დასრულდა. ეს ნამდვილად რევოლუციური მოვლენა იქნება და იმედი მაქვს, ოდესმე ასეთ ღვინოსაც გავსინჯავ.
მდიდრულ ბრენდად ქცევაა. ამ მიზნისათვის სასარგებლო იქნებოდა მთის იმ ველებზე ღვინის ტურიზმის განვითარება და საზღვარგარეთიდან უფრო მეტი ღვინის მოყვარულის მოზიდვა. ლეჩხუმელ ენთუზიასტებს სწორედ ასეთი გეგმები აქვთ. თუ უსახელოურის გუნდი საჭირო ინვესტიციებისა და პროფესიული მარკეტინგული მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებს, საერთაშორისო ბაზარზე გასვლა რეალური მიზანი იქნება. ამ მიზნამდე კიდევ შორია, თუმცა პროდუქტის ხარისხი ყველანაირ მცდელობას დიდად არ გამიკვირდება, თუ რამდენიმე წელიწადში ეს ქართული ღვინო თავის გზას კრემლში გამართული სადილებიდან თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებებამდე ან ჟენევაში მდებარე Palais des Nations-ში გამართულ გაეროს შეხვედრებამდე გაიკვალავს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ელიტური ღონისძიებები პრესტიჟისათვის მნიშვნელოვანია, მე მაინც იმედი მაქვს, რომ უსახელოურის მწარმოებლები რიგით მომხმარებელსაც არ დაივიწყებენ და ეს იშვიათი ღვინო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ღვინის მოყვარულების მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს.
news.hvino.com
|