მეღვინეობაში არსებულ პრობლემებზე „ბიზნესპარტნიორთან“ „ატენური მარნის“ დამფუძნებელი ნიკა ვაჩეიშვილი საუბრობს. მისი ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული მცირე ტიპის მარნები ტექნოლოგიურად არ არიან განვითარებულნი, პირველყოფილ პირობებში არიან, რაც ხარისხზე ისახება.
ვაჩეიშვილის განცხადებით, პრობლემად რჩება აღჭურვილობის და ინვესტირების პრობლემა, აქედან გამოსავალი კი ისეთი სახელმწიფო პროგრამების არსებობაა, რომელიც მეღვინეებს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.
„ატენური მარნის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან დარგის მიმართ დახმარება სისტემური უნდა იყოს და ამას კამპანიური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.
„მთავარია სწორი კონკურენციის გარემო არ დაიკარგოს. ესეც ვერ დალაგდა. ვიღაცეები სარგებლობენ გარკვეული სახელმწიფო პროგრამებით და ვიღაცეები - ვერ. როგორც ვუყურებ, სახელმწიფოსთვის დღეს ღვინოზე მეტად პრიორიტეტული კენკრაა,“ - აცხადებს ვაჩეიშვილი.
„ატენური მარნის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ პრობლემას წარმოადგენს ქვეყანაში ხარისხიანი ქვევრების არ არსებობაც. ვაჩეიშვილის ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში შესყიდული ქვევრების უმრავლესობა სკდება.
„ქვევრი ბრენდია, თუმცა, საქართველო მას ვერ აწარმოებს. ქართველი მეღვინეები ქვევრებს ესპანეთსა და იტალიაში ყიდულობენ, სირცხვილია. არადა, რამდენი მილიონი დაიხარჯა მაგალითად იყალთოს ქვევრის წარმოებისთვის?“-აცხადებს ვაჩეიშვილი.
როგორც ცნობილია, ატენში, ნიკა ვაჩეიშვილმა მარანი 2013 წელს გააშენა. ამას მოჰყვა 2016 წელს პატარა, 6 ნომრიანი გესთჰაუსის აშენება, რომელიც მას შემდეგ გაფართოვდა და სასტუმრო ახლა უკვე 19 ნომრიანია.
ვაჩეიშვილის განცხადებით, 3.5 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენებულია ჩინებულის, გორული მწვანის და თავკვერის ჯიშის ვენახები, ღვინის დაყენება კი ტრადიციული მეთოდით ხდება. მეურნეობაში წარმოებული ღვინის ძალიან მცირე ნაწილი იყიდება თბილისში ნატურალური ღვინის მაღაზიებში, დანარჩენის რეალიზება კი ადგილობრივად, მეურნეობაში ხდება.
business-partner.ge