ვანს განახლებული, საერთაშორისო სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმი ექნება. მუზეუმის მშენებლობას და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 14, 5 მლნ ლარია.
პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი ოთხ სართულიანი შენობა, მოეწყობა ავტოსადგომი, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია, და საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის.
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს 1985 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, რომ განახლებული მუზეუმი რეგიონში ყველაზე გამორჩეული იქნება. ის სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
პარალელურად ობიექტზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ფრაგმენტების (კარიბჭის, მოზაიკური ტაძრის, მრგვალი ტაძრის, სამლოცველოს ზედა ტერასის, ბავშვის სამარხის ზედა ტერასის) გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში განახლდა ფეხით მოსიარულეთა ხიდი, რომელიც მუზეუმის შენობას არქეოლოგიურ ზონასთან აკავშირებს.
სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხელს შეუწყობს ვანის არქეოლოგიური სივრცის დაცვას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge