ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ვიმედოვნებთ, კომერციული სექტორი ბაზარზე ფასის ხელოვნურ ინტერვენციას არ მოახდენს
06 სექტემბერი, 2017

რამდენიმე დღეა რთველი დაიწყო, საინტერესოა როგორ მიმდინარეობს კახეთში

რთველი, როგორ ხვდება კერძო სექტორი სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებას, 

არის თუ არა რეგიონში სუბსიდიის გაცემის საჭიროება და როგორ იმოქმედებს ხელისუფლების 

ეს გადაწყვეტილება  ყურძნის ფასზე?

როგორც ცნობილია, წელს მთავრობამ კახეთში რთველის სუბსიდირება შეწყვიტა, თუმცა დაფინანსების

ეს სისტემა შენარჩუნდა რაჭა-ლეჩხუმში სახვანჭკარე ჯიშებზე - ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე

(1კგ-ზე 2 ლარი). გარდა ამისა, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული

ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ. ყურძენს არანაკლებ

70 თეთრად შეისყიდიან, სახლმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ.

„კომერსანტთან“ საუბარში, ღვინის მწარმოებელი კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას“გენერალური 

დირექტორი ნუცა აბრამიშვილი განმარტავს, რომ კომპანია ყურძნის მიღებას რამდენიმე დღეში დაიწყებს.

მისი თქმით,პირველ ეტაპზე გადამუშავებული იქნება კომპანიის საკუთრებაში არსებული ვენახებიდან

მოყვანილი ყურძენი და ამის შემდეგ მოხდება ფერმერებისგან პროდუქტის მიღება.

როგორც აბრამიშვილი ამბობს, მიმდინარე წელს კომპანია საკუთარი ვენახებიდან ჯამში დაახლოებით

500-600 ტონა ყურძნის გადამუშავებას გეგმავს. რა ოდენობის ყურძენს ჩაიბარებს ფერმერებისგან, ამას

აბრამიშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს. გასულ წელს კი, კომპანიამ ფერმერებისგან 200-300 ტონა

ყურძენი მიიღო და გადაამუშავა.

ბიზნესმენი სახელმწიფოს გადაწყვეტილებასაც აფასებს და აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების

შეწყვეტა ბაზარს მეტ-ნაკლებად დააბალანსებს. როგორც აბრამიშვილი განმარტავს, სუბსიდია ერთგვარი

მოკლევადიანი მხარდაჭერა იყო და ცხადია, უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა. რაც შეეხება ალტერნატივას,

დახმარების თვალსაზრისით, ეს იაფი სესხის კომპონენტმა ჩაანაცვლა.  „ეს ნიშნავს იმას, რომ ყურძნის შესასყიდად კომპანიებს მიეცათ საშუალება იაფი სესხით ესარგებლათ, რაც ძალიან კარგი პრეცედენტია“, - აცხადებს აბრამიშვილი.

რაც შეეხება ყურძნის ჩასაბარებელ ფასს, აბრამიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ფასი დადგენილი არ არის.  „

დიდი იმედი გვაქვს, რომ ფასი ძალიან კონკურენტული იქნება და არ მოხდება კომერციული სექტორის

მხრიდან ბაზარზე ფასის ხელოვნური ინტერვენცია“, - აცხადებს აბრამიშვილი.

კომპანია „თბილღვინოს“ დამფუძნებელი  ზურაბ მარგველაშვილის ინფორმაციით, ყურძნის მიღებას და

გადამუშავებას რამდენიმე დღეში, ყურძნის კარგად დამწიფებისთანავე დაიწყებენ. როგორც მარგველაშვილი

აცხადებს, ყურძნის ნაწილს კომპანია საკუთარი ვენახებიდან გადაამუშავებს, ნაწილს კი ფერმერებისგან მიიღებს.

მისი განცხადებით, ყურძნის ჩასაბარებელი ფასი დამოკიდებულია ხარისხზე, მოთხოვნაზე და მიწოდებაზე.

როგორც წესი, ფერმერების სურვილია, რაც შეიძლება დიდი თანხა მიიღონ, კომპანიებს კი სურთ, რომ რაც შეიძლება რეალური ფასი გადაიხადონ. 

„ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის გასაყიდი ფასი ყველაზე დაბალია.

შესაბამისად, თუ ყურძნის ფასი ძვირი იქნება, ეს კარგი არ იქნება არც ღვინის გაყიდვებისთვის და არც

მევენახეებისთვის. ყურძნის ფასი მოთხოვნა-მიწოდებაზე იქნება დამოკიდებული“, - აცხადებს მარგველაშვილი.

„თბილღვინოს“ დამფუძნებელი მთავრობის გადაწყვეტილებასაც აფასებს და აცხადებს, რომ  ამის შემდეგ ყურძნის ფასს საბაზრო პრინციპები დაარეგულირებს, რაც ნორმალური და მისაღებია.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას 2013 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს

სახელმწიფომ ყურძნის სუბსიდირებისთვის 25 მილიონი ლარი გამოყო. სუბსიდია 1 კგ. რქაწითელსა და

კახურ მწვანეზე 45 თეთრით, 1 კგ. საფერავზე - 20 თეთრით, 1 კგ. ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე

2 ლარით იყო განსაზღვრული.

2016 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა „რთველი 2016“-ის შეფასებისას განაცხადა,

რომ კახეთში ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში მონაწილოება მიიღო 178-მა კომპანიამ, გადამუშავდა

100 ათას ტონაზე მეტი ყურძენი და კახეთის მოსახლეობის შემოსავალმა 97 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

რაც ეხება რთველს რაჭა-ლეჩხუმში, ყურძენი მიიღო 24-მა კომპანიამ და მთლიანობაში 500 ტონაზე მეტი

ყურძენი გადამუშავდა. რაჭის მოსახლეობის შემოსავალმა რთველის პერიოდში 2.5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ავტორი: სოფო ქსოვრელი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.