ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დაუწესდებათ თუ არა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლისას სავიზო რეჟიმი
12 ოქტომბერი, 2022

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლითაც რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციის ამოქმედებას ითვალისწინებს. როგორც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების  განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტით, რუსეთის ფედერაციის, როგორც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის, წესდება სავიზო რეჟიმი.

ზოგადი წესისგან განსხვავებით, ტურისტული ვიზის (C1 და C2 კატეგორიის) აღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულსაერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტში, ინსპექტირების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ. ზოგადი წესი კანონმდებლობითგათვალისწინებული სხვა კატეგორიის ვიზის მიღებისთვის უცვლელი რჩება. საკანონმდებლო შეზღუდვებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც, მართალია ფლობენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას, მაგრამ ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეობა და გავიდნენ მოქალაქეობიდან ან დაკარგეს იგი (გარდა იმ პირებისა, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ შესაბამისი ნებართვის გარეშე სხვა ქვეყნის სამხედრო, პოლიციისა და უშიშროების სამსახურში შესვლის გამო ან ვისაც საქართველოს მოქალაქეობა მოპოვებული ჰქონდა ყალბი საბუთების საფუძველზე).

პროექტით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ საქართველოში შემოსვლამდე წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულმთლიანობას და რომ საქართველოს ტერიტორიის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ეს დანაწესი მნიშვნელოვანი ფილტრი იქნება ისეთი ადამიანების საქართველოში შემოსვლის თავიდან ასაცილებლად, რომელთათვისაც პრობლემას წარმოადგენს თავისი ქვეყნის, როგორც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი, აგრესორი სახელმწიფოს აღიარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემის გამოხატვა. საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქმება პირს, რომლის კუთვნილ ნივთებზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე გამოსახულია არასამშვიდობო სიმბოლიკა. „არასამშვიდობო სიმბოლიკის“ ლეგალური დეფინიცია თავად პროექტშივეა მოცემული და გულისხმობს ისეთ სიმბოლიკას, რომელიც დაკავშირებულია კომუნისტურ და/ან ფაშისტურ ტოტალიტარულ იდეოლოგიასთან და გამოხატავს ამ ტოტალიტარულ რეჟიმს; აგრეთვე სიმბოლიკას, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ 2022 წელს უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო აგრესიასთან და გამოხატავს ამ აგრესიას. ამ უკანასკნელში იგულისხმება რუსული აგრესიის სიმბოლოდ ქცეული ლათინური ასოების Z-ისა და V-ს გრაფიკული გამოსახვა.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღება შესაბამისი უწყებებისთვის შექმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ მოახდინონ სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოდინების ეფექტური ფილტრაცია. სავიზო რეჟიმის შემოღებით, შემცირდება პოტენციური პროვოკაციისა თუ დივერსიის განმახორციელებელი პირებისთვის შესაბამისი ნიადაგის მომზადებასთან დაკავშირებული რისკები. მოკლევადიანი ტურისტული ვიზების სასაზღვრო გამტარ პუნქტზე გაცემას ექნება მნიშვნელოვანი პრევენციული ეფექტი. ამასთან, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვიზის სხვა კატეგორიებს სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი არ შეეხება. შეზღუდვები არ შეეხებათ პირებს, რომლებიც ფლობენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას, მაგრამ ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეობა (გარდა იმ პირებისა, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ შესაბამისი ნებართვის გარეშე სხვა ქვეყნის სამხედრო, პოლიციისა და უშიშროების სამსახურში შესვლის გამო ან ვისაც საქართველოს მოქალაქეობა მოპოვებული ჰქონდა ყალბი საბუთების საფუძველზე). ისტორიულ სამშობლოში შემოსვლა კვლავ შეუფერხებლად შეეძლებათ იმ პირებს, რომლებიც არ ფლობდნენ საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ საქართველოში ჰყავთსაქართველოს მოქალაქე ოჯახის წევრი (მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი) ან ნათესავი (მეუღლე, შვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, შვილიშვილი).

24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა მსოფლიო გეოპოლიტიკური არქიტექტურა და ბუნებრივია, რეგიონის უსაფრთხოების რეჟიმიც.

საქართველო, რომელმაც რუსული სამხედრო აგრესია 2008 წელს საკუთარ თავზე გამოსცადა, განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფება: სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის აგრესია არ ამოწურულა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების განხორციელებით და მან განგრძობითი ხასიათი შეიძინა, „მცოცავი ოკუპაციის“ თუ ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ელემენტების სახით, რომელთა მეშვეობითაც რუსეთის ფედერაცია, პრაქტიკულადყოველდღიურად ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შესაბამისად, საქართველო რჩება რუსეთის ფედერაციის იმპერიალისტური ინტერესების ორბიტაზე.

„მიუხედავად ოკუპაციისა, საქართველოს აქვს ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები დამყრობელ სახელმწიფოსთან. რუსეთში მცხოვრებ ჩვენს ათიათასობით თანამემამულეს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართულეკონომიკაში. ასევე დიდია ტურიზმის შედეგად დაგენერირებული შემოსავალი. ჩამოთვლილი გარემოებების მნიშვნელობა ძალზედ მასშტაბურია, თუმცა ბგასათვალისწინებელია ისიც, რომ რაციონალური პოლიტიკისა და კონტროლის ქმედითი მექანიზმების გარეშე, დადებითი ფაქტორებიც პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დესტაბილიზაციის ფაქტორებად შეიძლება იქცეს. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის მიხედვით, „რუსეთის ფედერაციის მიერ სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპების უგულებელყოფა, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლისა და „გავლენის სფეროების“ პრინციპის აღდგენისკენ მიმართული მცდელობები საშიშროებას უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ რუსეთის ფედერაციის მეზობელი ყველა სხვა სახელმწიფოს და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას... რუსეთის ფედერაციის მთავარი მიზანია საქართველოს არშემდგარ სახელმწიფოდ ქცევა, მისი ევროპული და ევროატლანტიკური არჩევნის რეალიზაციისთვის ხელის შეშლა და ქვეყნის რუსულორბიტაზე ძალით დაბრუნება.“ ისტორიული გამოცდილება, მათ შორის, უახლესი წარსულიდან, ცხადყოფს, რომ რუსული იმპერიალიზმის იდეის რევიტალიზაციის პროცესში, რუსეთის ფედერაციის მოქმედებათა არსენალში სხვადასხვა მექანიზმია, რომელიც, ძალადობრივი მეთოდების გარდა, აგრეთვე გულისხმობს პროვოკაციებისთვის პლაცდარმების შექმნას და შესაძლო სამხედრო აგრესიისთვის ნიადაგის მომზადებას. შესაბამისად, საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა საქართველოში შემოსვლის კონტროლთან მიმართებაში. დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთის ფედერაცია იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის N 255 დადგენილების თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და 1 წლის ვადით ყოფნის უფლებით სარგებლობენ. ამგვარი ლიბერალური მიდგომა და ბოლოპერიოდში გაზრდილი ვიზიტორების ნაკადი ლოგიკურად არის მომეტებული საფრთხეების შემცველი. ამიტომაც, მნიშვნელოვანია რეგულაციების გამკაცრება. მართალია, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ აწესრიგებს კონკრეტულსახელმწიფოს მოქალაქეებთან მიმართებაში საქართველოში შემოსვლის საკითხებს. თუმცა, ქართული კანონმდებლობა რუსეთის ფედერაციის, როგორც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს (როგორც ის მოხსენიებულია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში) მიმართგანსაკუთრებულ პირობებს იცნობს. შესაბამისად, სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის სამხედრო ოკუპაციის მსხვერპლ სახელმწიფოში შემოსვლაზე სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის დაწესება, სამართლებრივად გამართლებული და პოლიტიკურად მიზანშეწონილი ზომაა. ამასთან, ცვლილებები ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს იმ პირებისთვის, ვისაც განსაკუთრებული კავშირები აქვს საქართველოსთან. შესაბამისად, განეიტრალებული იქნება ყველა ის უარყოფითი შედეგი, რაც გამკაცრებულ რეგულაციებს რუსული პასპორტის მფლობელი ჩვენი თანამემამულეებისთვის, საქართველოსთან განსაკუთრებულად დაკავშირებული პირებისთვის ან მათი ოჯახის წევრებისა თუ ნათესავებისთვის შეიძლება ჰქონდეს“, აღნიშნულის კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი ინიცირებულია ლელოს წევრების - ანა ნაცვლიშვილის, დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძის და სალომე სამადაშვილის მიერ.

© photo რადიო თავისუფლება

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.