ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წარმატებული ვაქცინაციის შედეგად, ისრაელიდან ვიზიტორთა რაოდენობა 13 925%-ით გაიზარდა
13 მაისი, 2021

საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა აპრილში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად 140%-ით 82 500-მდე გაიზარდა, მაგრამ ეს რიცხვი 2019 წლის აპრილთან შედარებით 85%-ით ნაკლებია. 2 წლის წინ კოვიდრეგულაციებამდე არსებულ ეპოქაში 1 თვეში საქართველოს 648 000-მდე საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, საიდანაც 550 000 ვიზიტორი იყო, მათგან 349 000 ტურისტი. წელს განსაკუთრებული ხუთნიშნა პროცენტული ზრდა ისრაელიდან დაფიქსირდა, რაც წარმატებულ ვაქცინაციას უკავშირდება.

აპრილში ყველაზე მეტი - 21 106 ვიზიტორი საქართველოს თურქეთიდან ეწვია, აღნიშნული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით მეტი, თუმცა ამავე დროს 2019 წლის აპრილის მაჩვენებელს მთელი 78%-ით ჩამორჩება.

ყველაზე საინტერესო ტენდენცია ისრაელიდან დაფიქსირდა, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა 13 925%-ით გაიზარდა და 10 000-ს გადააჭარბა. აღნიშნულის მიზეზი ვაქცინაა. ისრაელში ვაქცინის 1 დოზა თითქმის ყველა სრულწლოვანმა მოქალაქემ გაიკეთა, 2 დოზა კი მოსახლეობის 60%-ზე მეტმა. მათთვის საზღვრები სხვა ქვეყნების გარდა საქართელომაც გახსნა. რეკორდული, ხუთნიშნა პროცენტული ზრდის მიუხედავად წლევანდელი აპრილის მაჩვენებელი 2019 წლისას მაინც 29%-ით ჩამორჩება, 2 წლის წინ ისრაელიდან საქართელოს 14 343 ვიზიტორი ეწვია, 2020 წლის აპრილში კი 99.5%-ით ნაკლები მხოლოდ 72 ადამიანი.

ვიზიტორების 125%-იანი ზრდა დაფიქსირდა ასევე რუსეთიდან, სომხეთიდან მხოლოდ 3.9%-იანი, საქართველოდან (არარეზიდენტი პირები) 440%-იანი, უკრაინიდან 403%-იანი და აზერბაიჯანიდან 107%-იანი.

გასული წლის აპრილში ინდოეთიდან საქართველოში სულ 1 ადამიანი შემოვიდა, წელს 553, შესაბამისად ზრდის ტემპმა 55 200%-ს მიაღწია. თითქმის ანალოგიური სიტუაციის გამო, ზრდის ტემპმა 1500%-ს გადააჭარბა გერმანიიდან და 4200%-ს აშშ-დან, რეალურად ამ ქვეყნებიდან საქართველოს მხოლოდ 657 და 650 ვიზიტორი სტუმრობდა.

დაკეტილი სახმელეთო საზღვრის მიუხედავად, ვიზიტორების 58.7%-მა საქართველოში შემოსვლა სწორედ ამ გზით მოახერხა. საზღვარი ტვირთებისთვის არც ყოფილა დაკეტილი და ვიზიტორების დიდ ნაწილს დღემდე ტრაილერის მძღოლები შეადგენენ.

საჰაერო გზით შემოსულ მგზავრთა რაოდენობა 4634%-ით 33 188-მდე გაიზარდა. 2019 წლის აპრილში აეროპორტებით საქართველოს 151 453 ვიზიტორი ესტუმრა, 2020 წლის აპრილში კი 701, ანუ 99.5%-ით ნაკლები.

ორნიშნა ზრდა საზღვაო და სარკინიზო საზღვრების გადმოკვეთის მიმართულებებითაც აღინიშნა, თუმცა მათი წილი ჯამში მხოლოდ 1.1%-ს შეადგენს.

ქუთაისის აეროპორტიდან საქართველოს საზღვარი 136-მა ადამიანმა გადმოლახა, გასული წლის აპრილში მსგავს გრაფაში 0 ეწერა. 3365%-ით 24 000-მდე გაიზარდა თბილისის აეროპორტიდან შემოსულ მგაზვრთა რაოდენობა, ბათუმის აეროპორტში კი 149 333%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აპრილში ამ გზით საქართველოში 8966 ადამიანი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - მხოლო 6.

საერთო ოთხთვიანი მდგომარეობა აპრილისგან მკვეთრად განსხვავებულია. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 84%-ით 1.369 მლნ-დან 220 ათასამდეა შემცირებული, მათგან ვიზიტორების რაოდენობა 82%-ით 1.155 მლნ-დან 213 ათასამდე, ხოლო ტურისტების რაოდენობა 76%-ით 792 ათასიდან 192 ათასამდე. აქვე უნდა აღინოშნოს ისიც, რომ „ტურისტი“ საერთაშორისო განმარტებიდან გამომდინარე არის ადამიანი, რომელიც ქვეყანაში 24 სთ-ზე მეტს ატარებს და რეალური ტურისტების, ანუ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ქვეყანას მოგზაურობის, გართობისა და დასვენების მიზნით ესტუმრნენ გაცილებით ნაკლებია.

აპრილის მსგავსად სამნიშნა, ან როგორც მინიმუმ ორნიშნა პროცენტული ზრდა უდიდესი ალბათობით შემდგომ თვეებშიც შენარჩუნდება, თუმცა იგივე 140%-იანი ზრდის ტემპით წლის ბოლოს 1.130 მლნ საერთაშორისო მოგზაურსა და 1.073 მლნ ვიზიტორს მივიღებთ რაც არათუ 2019 ან თუნდაც 2011 წელთან, 2020 წელთან შედარებითაც კი ნაკლებია. კომენდანტის საათის მოხსნისა და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარების შემთხვევაში ეს რიცხვები გაუმჯობესდება, თუმცა რადიკალური ცვლილებები მაინც არაა მოსალოდნელი და უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ 2020 წლის მაჩვენებლის გაუმჯობესებაა შესაძლებელი. 12 მაისის მდგომარეობით ვაქცინის 2 დოზა, სრულწლოვანი მოქალაქეების 1%-ზე ნაკლებს აქვს მიღებული.

2019 წელს საქართველომ ტურიზმიდან $3.3 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო. გასულ წელს $3.5 მლრდ-იანი მოლოდინი არსებობდა, მაგრამ ამ თანხიდან $3 მლრდ დაიკარგა. სხვადასხვა გათვლებით 2019 წლის დონესთან დაბრუნება მხოლოდ 2025 წელს მოხერხდება.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.