ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წევაში წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
03 სექტემბერი, 2018

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფ. წევაში მდებარე განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების წევას წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტაძარს აქვს ძგლის მახასიათებლები: ძველია, აქვს არქიტექტურული ფორმა და დეტალები, ფასადთა მორთულობა და ხალხური მხატვრობის სტილის ფრესკები.

ეკლესია განეკუთვნება სამნავიანი ტიპის ბაზილიკაა. თლილი ქვის დარბაზულ ნაგებობას მოგვიანებით მიაშენეს სამრეკლო და გვერდითი ნავები.

დასავლეთიდან მიშენებული სამრეკლო დანაწევრებულია თაღოვანი ღიობებით, მეორე სართულის ცენტრალურ ნაწილში გაკეთებულია კედლის დონიდან ჩაწეული მაღალი თაღი, რომელშიც ტოლმკლავა ჯვარია განთავსებული. სამრეკლოს გადახურვა ეყდნობა ოთხ კვადრატულ ბურჯს. აღსანიშნავია, ერთიან სწორკუთხედში მოქცეული ჩრდილოეთ კარი, რომელიც განსაკუთრებულადაა მორთული-კარის ორივე მხრიდან წყვილი ლილვებით გამოყვანილია პილასტრი, რომლის იმპოსტებზეც დაყრდნობილი თაღი კარის ზემოდან ქმნის ტიმპანს, ტიმპანში კი განთავსებულია გამშვენებული ჯვრის რელიეფი, რომელიც სამი სახის ორნამენტითაა მოჩარჩოებული.

ტაძარს შემოუყვება მარტივად პროფილირებული ლავგარდანი. ადგილ-ადგილ შემორჩენილია ძველი ლავგარდანის ფრაგმენტები, რომელიც წნული ორნამენტითაა გაფორმებული. გაფორმებული. ნაგებობა გადახურულია თუნუქით. 

საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდი, რომელიც გარედან ერთიან სწორკუთხედშია მოქცეული, დარბაზის სივრცისაგან გამოყოფილია ორსაფეხურიან პილასტრებზე დაყდნობილი თაღით. აფსიდის ღერძზე სარკმელია, მის ორივე მხარეს კი სხვადასხვა ზომის ნიშია გაჭრილი. დარბაზის გრძივი კედლები გადაკეთების დროს დანაწევრებულია ნახევარწრიული თაღნარით. 

ტაძრის ფრესკები განეკუთვნება მე-15-16 საუკუნეებში გავრცელებულ ხალხური მხატვრობის ნიმუშს. ნაგებობის გვიანი გადაკეთების შედეგად მოინგრა დასავლეთ კედელი და გაიხსნა გრძივ კედელთა ქვედა ნაწილი, რასაც სრულად შეეწირა ამ მონაკვეთებზე დატანილი მხატვრობა. ფრესკები დღეისათვის მხოლოდ სანახევროდაა შემორჩენილი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.